დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტს მხარი დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი, რომელიც განხილვების შემდეგ შენიშვნებით მთავრობას გაეგზავნა, საკანონმდებლო ორგანოს კვლავ პირვანდელი სახით დაუბრუნდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეს იმით ახსნა, რომ მუშაობა მიმდინარეობს 2022 წლის ეკონომიკური პარამეტრების გადახედვაზე, რომლის შემდეგ შესაძლებელი იქნება 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო სახით განხილვა.
„სავალუტო ფონდის მისიასთან გარკვეულწილად წლევანდელ პარამეტრებზე შევთანხმდით, თუმცა დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვას შევხედავთ, რომელიც 15 ნოემბერს გამოქვეყნდება და 2022 წლის საბოლოო პროგნოზს გავაკეთებთ, რაც 2023 წლის ბიუჯეტის ბაზისია.
ჩვენ 2023 წლის რესურსების გადაანგარიშების შესაძლებლობა იმის მიხედვით გვექნება, თუ როგორ დაკორექტირდება 2022 წლის ეკონომიკური პარამეტრები. ვფიქრობთ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ზრდის მიმართულებით კიდევ დაკორექტირდება, რაც 2023 წლისთვის გარკვეულწილად დამატებით რესურსებს გამოგვითავისუფლებს. ამ დამატებითი რესურსების ფარგლებში პარლამენტის და უწყებების მხრიდან დაყენებული თითოეული წინადადების დეტალური განხილვა მოხდება“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
როგორც ოპოზიციონერ, ისე მმართველი გუნდის დეპუტატებს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ. მაგალითად „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბეჟან წაქაძე რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მეტ დაფინანსებას ითხოვს.
სახელმწიფო პროგრამების და მათი ბიუჯეტის გაზრდის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი დეპუტატები ოპოზიციიდან.
ბეჟან წაქაძე, “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოსთვის” წევრი:
„ბიუჯეტის პროექტი არ იყო შეცვლილი პირვანდელ ვარიანტთან შედარებით და პრინციპების დონეზე დავუჭირეთ მხარი, რადგან შეგვპირდნენ, რომ მოხდება გარკვეული დარჩენილი პერიოდის განმავლობაში გადახედვა და დათვლა. გაცილებით მეტს ველოდებით ეკონომიკურ ზრდას წელს და აქედან გამომდინარე ბიუჯეტის შემოსავალსაც მეტს ველოდებით. მე მოვითხოვე ინფრასტრუქტურული პროექტების მეტი დაფინანსება რაიონში, ესაა წყალი, გზა და გაზი. იმიტომ რომ მოსახლეობის სამი მთავარი კითხვა, როდესაც მათთან შეხვედრებზე ვარ, არის ეს. ასევე მოვითხოვე სამინისტროებმა წარმოადგინონ რომელ რაიონში რა კეთდება და რა გვაქვს დაგეგმილი, რომ ჩვენ, მაჟორიტარებმა ეს ვიცოდეთ და მალე დავაყენოთ საკითხი, იმიტომ, რომ ახლა ვიღებთ ჩვენ 2023 წლის ბიუჯეტს, ამ ბიუჯეტით ვიცხოვრებთ მთელი ერთი წელი და ჩემთვის, როგორც მაჟორიტარისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე, ჩემს რაიონში რა ხდება და ამ პერიოდშივე, სანამ ბიუჯეტი დამტკიცდება, მანამდე მოვახდინო მათზე რეაგირება.
ბიუჯეტი პირველი მოსმენით გამოვა სესიაზე და იქაც გვექნება მსჯელობა. დარწმუნებული ვარ რეგიონებს ამ კუთხით გაეზრდება დაფინანსება, რადგან ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია“.
ბექა ლილუაშვილი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი:
„დასანანია, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში დაისმევა საკითხები მომდევნო წლის ბიუჯეტთან მიმართებაში, იქნება ხაზგასმით აღნიშნული თოთოეულ პუნქტში, რა ნაწილშია ეფექტიანი ხარჯვა, რა შეიძლება უკეთესად გაკეთდეს და ამაზე არ აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას რეაქცია. მაგრამ ჩვენც სესიაზე გვექნება ცვლილებების გატარების შესაძლებლობა. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი, მაგალითად კონკრეტული სამთავრობო პროგრამების მიმართულებით არსებობს ინიციატივები ბიუჯეტში, რომელიც 80, 100 მილიონის ხარჯვას ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით, პოლიტიკური ნიშნით. მაგალითად როგორიცაა შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების პროგრამა. ეს არის რეალურად პარტიული აქტივის დასაქმების ბიურო.
ასევე იყო საუბარი წლების წინ მათ შორის იმაზე, რომ სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს. სახელმწიფო პროგრამები არ უნდა ეხმარებოდნენ ისეთ ბიზნესის წარმომადგენლებს და ბიზნესმენებს, რომლებსაც საერთოდ არ სჭირდებათ სახელმწიფოს სუბსიდირება, ამის სანაცვლოდ გაიზარდა სახელმწიფო პროგრამებზე გამოყოფილი თანხები.
ასევე ბევრი საკითხია, მათ შორის ახლა განიხილება შშმ პირების დახმარების ინდექსაცია, რომელიც ძალიან კარგი ინიციატივაა, მაგრამ არ არის საკმარისი. სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვი კრიტიკულად არის გაზრდილი ქვეყანაში, შესაბამისად მათ სჭირდებათ დამატებითი გარანტიები, რომ ინფლაცია და მაღალი ფასები არ შეჭამს სახელმწიფოს დახმარებას და არ დარჩებიან მშიერი. ამას სჭირდება ბიუჯეტში ასახვა და მითუმეტეს ამ მოცემულობაში, როცა საბიუჯეტო შემოსავლები იზრდება ეკონომიკის გამოცოცხლებასთან ერთად. ეს თანხები უნდა მივიდეს ჩვენს მოსახლეობამდე“.
ალექსანდრე რაქვიაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“:
„ჩვენი რეკომენდაცია იყო გაზრდილიყო პრივატიზაციის გეგმა და ამით გაზრდილიყო შემოსავლები. ასევე მთელი რიგი ხარჯები იყო, რომლის შემცირებას ვითხოვდით. მაგალითად საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 100 მილიონს აღწევს, შეცდომის შედეგია, როდესაც 10 წლის წინ ჩაიწერა შეცდომით ფორმულა კანონში, ამის გამო შემდეგ წელს 120 მილიონი იქნება მათი ბიუჯეტი, მერე 150 მილიონი. ეს სრულიად არაადექვატურობა უნდა გაგვეჩერებინა, რაც არ მომხდარა სამწუხაროდ.
არის პროგრამები სოფლის მეურნეობაში, რომელიც სრულიად ბევრ კითხვებს აჩენს კორუფციის კუთხით. ამის შემცირებას ვითხოვდით, ხარჯები კი არ შემცირებულა პირიქით, რაღაც ნაწილში გაიზარდა“.
2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 24.3 მლრდ ლარს შეადგენს.
ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, 2023 წლისთვის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ შედარებით კონსერვატიულად არის დაგეგმილი და ფისკალური კონსოლიდაცია გრძელდება, კერძოდ:
• რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში დაგეგმილია. აღნიშნული მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება;
• მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი ასევე 5%-ს შეადგენს, ხოლო შემდგომ წლებში 3%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული;
• ნომინალური მშპ-ის პროგნოზი 79,6 მლრდ ლარის ოდენობითაა განსაზღვრული, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 7 500 დოლარს უტოლდება. 2026 წლისთვის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 101,0 მლრდ ლარამდეა პროგნოზირებული, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 9 500 დოლარს გადააჭარბებს;
• ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 18,5 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრება, რაც მშპ-ს 23,2%-ია;
• ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2,8%-ს შეადგენს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 39%-ის ფარგლებშია.
2023 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტს პირველი მოსმენით პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში განიხილავს. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დეკემბრის ბოლო კვირაში დაამტკიცებენ.