11.11.2022
ნახვები: 256 |
ავტორი:
Rima Garibyan
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო – TIG”-იმ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო მიწების ელექტრონული აუქციონის წესით შესყიდვის შესახებ კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგადაც ორგანიზაციამ პრივატიზაციის პროცესში შესაძლო კორუფციული გეგმები გამოავლინა – პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და მათი ოჯახის წევრები 2013-2021 წლებში ქონებას კონკურსის გარეშე იჩენდნენ.
TI-ის ანგარიში მიწის პრივატიზაციის შესახებ 9 ნოემბერს გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, 2013-2021 წლებში სამცხე-ჯავახეთში „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირებულმა და თანამდებობაზე მყოფმა პირებმა, ასევე მათი ოჯახის წევრებმა (სულ 39 სუბიექტი) 54 ელექტრონულ აუქციონზე 129 775 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდეს. მთლიანობაში მიწის ნაკვეთი 7 725 685 ლარად შეიძინეს. გასხვისებული მიწის 75% (97 417 კვ.მ) კონკურსის გარეშე 2 938 300 ლარად გაიყიდა. 8 ობიექტი – 378 223 კვ.მ – პირდაპირი გაყიდვით 1 458 387 ლარად მიიღეს.
რეგიონის მასშტაბით 2013-2021 წლებში 23 თანამდებობის პირმა თუ მათი ოჯახის წევრმა 61 511 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომლიდანაც 93.7% კონკურსის გარეშე, პირველივე საფეხურზე შეისყიდეს. ამ ობიექტებიდან 7 ახალქალაქში, 2 ნინოწმინდაში და დანარჩენების უმეტესობა ახალციხეში მდებარეობს.
ახალქალაქის თანამდებობის პირების, ან მათი ოჯახის წევრების შესახებ კვლევაში აღნიშნულია:
- 2014 წლის 30 სექტემბერს ასია დანიელიანმა ელექტრონულ აუქციონზე ტენდერის გარეშე 27 000 ლარად 1 421 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შენობასთან ერთად (ყოფილი სამრეცხაო) იყიდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი მისი ვაჟი ჰართიუნ ჰოვანესიანი იყო.
- ორი კვირის შემდეგ, 2014 წლის 16 ოქტომბერს, ჰარუთიუნ ჰოვაეისიანმა 28 500 ლარად 1 351 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იმავე მისამართზე, ახალქალაქში, მალხასიანის ქუჩა N2-ში იყიდა.
- შპს „მეეკიმ“ 2016 წლის 25 თებერვალს, ახალქალაქში, კარწახში, ელექტრონული აუქციონის გზით, 92 000 ლარად 1500 კვ.მ-ის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შეიძინა. „მეეკი“ ენზელ მკოიანის ოჯახური კომპანიაა. იგი იმ პერიოდში საქართველოს პარლამენტში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
- 2016 წლის 30 მარტს არტურ ირიციანმა ელექტრონულ აუქციონზე 21 100 ლარად 676 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ახალქალაქის სოფელ კოთელიაში შეიძინა. მისი ძმა ნაირი ირიციანი კი ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.
- 2017 წლის 24 მარტს ვარდ მოსოიანმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ თოთხამში 1308 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდა. აუქციონი კონკურსის გარეშე ჩატარდა და ტერიტორია 8 000 ლარად შეისყიდა. იგი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალქალაქის სერვისცენტრის მენეჯერი იყო.
- ედუარდ საარიანმა 2018 წლის 23 ივნისს 9 500 ლარად, ტენდერის გარეშე, ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში (ხარტა) 4 400 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და დანგრეული შენობა იყიდა. მისი ძმა აშოტ საარიანი ახალქალაქის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე იყო.
- 2020 წლის 24 ნოემბერს არტურ მკოიანმა 3 900 ლარად სოფელ დილისკაში 325 კვ.მ-ის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი იყიდა. იგი ახალქალაქის საკრებულოში ფრაქცია „ქართულ ოცნება-ახალგაზრდობას“ ხელმძღვანელობდა.
TI-ის ანგარიშში გამოქვეყნებულია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების მიერ მიწის შესყიდვის მონაცემები – 8 სუბიექტი, რომელთაგან ერთი ახალქალაქიდანაა.
- 2019 წლის 31 მაისს სამველ გოგორიანმა ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩასთან 41 000 ლარად 1 629 კვ.მ-ის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შეისყიდა. ის ქართული ოცნების დეპუტატის სამველ მანუკიანის ბიზნესპარტნიორია. სამველ გოგორიანი და სამველ მანუკიანი შპს “Geofood”-ის 50-50%-ის თანამფლობელები იყვნენ.
ანგარიშში აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მიწის შესყიდვისას შესაძლო კორუფციის ფაქტები, თუმცა 8 კომპანიიდან არცერთი არ უკავშრდება ახალქალაქს. მიწები აბასთუმანში შეიძინეს.
ორგანიზაცია TI-მ საეჭვოდ მიიჩნია პირდაპირი პრივატიზაციის ზოგიერთი შემთხვევაც, თუმცა ახალქალაქი არც აქ ფიქსირდება.