4 მაისის საღამოს, მთელ მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა 3 592 826 შეადგენს, მათგან მომაკვდინებელი ვირუსით 145 268 დაავადებული რუსეთშია, სადაც რაოდენობრივ ყველაზე დიდი დიასპორა ახალქალაქიდანაა. საინტერესოა, თუ შეზღუდვების რთულ პერიოდში როგორ არსებობენ და რა პრობლემებს აწყდებიან ახალქალაქელები რუსეთში.
4 მაისის მონაცემებით რუსეთში კორონავირუსით უკვე 1 356 ადამიანი გარდაიცვალა. ჩვენთან არსებული ინფორმაციის (არაოფიციალური) თანახმად ამ ვირუსით ახალქალაქიდან მინიმუმ სამი ოჯახი დაავადდა, ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან. როგორ ცხოვრობენ დანარჩენი ახალქალაქელები კარანტინისა და შეზღუდვების მკაცრ პირობებში?
«საჭიროების გარეშე არსად არ გავდივართ, მაღაზიაშიც კი. გასასვლელად საშვს ვიღებთ. საშვის გარეშე თუ გახვალ დაგაჯარიმებენ. ნათესავებთანაც არ გავდივართ. ჩემი ქალიშვილი “კოლცევოითან” ცხოვრობს და ყვება, რომ იქ ხშირად კილომეტრების საცობებია, რადგან პოლიცია საშვებს ამოწმებს. ჩვენი ახლობელი კრასნოიარსკის საავადმყოფოში მუშაობს, იქ ახალქალაქიდან ოჯახია ინფიცირებული. ეს ექიმი ყვება, რომ ბევრი ავადმყოფია, ადგილებიც არ ჰყოფნით, ამიტომ გვჯერა, რომ საშიშია და სახლში ვრჩებით»,- ამბობს დიასახალისი მოსკოვიდან, რომელმაც სახელის გასაჯაროება არ მოისურვა.
რუსეთში დასახლებული ახალქალაქელები ახალ რეალიებს ეჩვევეიან და ისე ცხოვრობენ.
«მე ვცდილობ ბიზნესი იგივე რიტმში შევინარჩუნო, მეტწილად, გამომდინარე იქიდან, რომ ახალ კლიენტებს ვნახულობ და ონლაინ-გაყიდვებზე გადავდივარ. გაყიდვები ონლაინ რეჯიმზე ჯერ კიდევ ეპიდემიის დაწყებამდე გადავიყვანე, და ახლა ეს ძალიან მომეხმარა. სხვა სფეროში დაკავებული ხალხი ძალიან დაზარალდა, მათი შემოსავალი პრაქტიკულად განულდა. ჩემი ბიზნესი პროდუქტებთან არის დაკავშირებული. ჯერჯერობით კორონავირუსის ეპიდემიის გავლენას ძლიერად ვერ ვგრძნობ»,- ამბობს ბიზნესმენი ი.ბაბაიანი ქალაქ მოსკოვიდან.
წარმოშობით ახალქალაქიდან ნ.ღარიბიანი ყვება, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ჟელეზნოვოდსკის რაიონის აფთიაქში ხელმძღვანელია. იქაც ბევრი სომეხი ცხოვრობს ჯავახეთიდან. კარანტინის სიმძიმეს თვითონაც განიცდის.
«ჩვენს ქალაქში ინფიცირებულები არ გვყავს, მაგრამ ჩვენს ქალაქს ეკუთვნის სოფლები, სადაც დაავადებულები არიან. ჩვენს ქალაქში კარანტინია, მუშაობენ მხოლოდ აფთიაქები, საავადმყოფო, პოლიკლინიკა და მაღაზიები. ყველას საშვი გვაქვს (იგულისხმება, ვინც მუშაობს). ხალხი კარანტინის პირობებს ითვალისწინებს, ისინი ძირითადად მაღაზიებში დადიან. ჩვენი მერის თქმით, ინოზემცევოს (სოფელი, რომელიც ქ.ჟელეზნოვოდსკს ეკუთვნის) 26 მცხოვრებია დაავადებული. მაგრამ, სიმართლეს გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ გავდივარ, ეს მდგომარეობა მაინც მძაფრავს. ქუჩაში გასვლა და ხალხთან ურთიერთობა გვინდა»,- ამბობს ნ.ღარიბიანი.
ჩვენი შემდეგი რესპოდენტი ქალაქ კალუგას ქარხანაში მუშაობს. ის ამტკიცებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არის ხელფასი, რთულია ცხოვრება და კრედიტების გადახდა. ის რუსეთის მოსახლეობის იმ ნაწილს ეკუთვნის, რომელსაც ვირუსის არ სჯერა.
«საკუთარი თვალით არაფერი მინახავს, მხოლოდ ტელევიზიით ვგებულობთ რამდენი ადამიანი დაავადდა, რამდენი გარდაიცვალა, რამდენი გამოჯანმრთელდა. 27 მარტიდან 30 აპრილამდე ოფიციალური არდადეგები იყო გამოცხადებული, მცირე ბიზნესი დაკეტილია, ყველა ფულის გარეშეა დარჩენილი. ვისაც არაოფიციალური სამუშაო აქვს, ისინი შიმშილობენ. მე მეტად გამიმართლა, ქარხანაში ვმუშაობ, ოფიციალურად არდადეგები მაქვს, მხოლოდ ხელფასს მივიღებ, პრემიის გარეშე. ყოველ შემთხვევაში, ასე დაგვპირდნენ. ქუჩაში მოსახლეობის დაახლოებით 70-80% გადის, ძირითადად 50 წლამდე ადამიანები. მოხუცებულებს ეშინიათ. მე თითქმის ყოველ დღე მიწევს გასვლა. ფული თითქმის არ გვყოფნის, რადგან მაქვს იპოთეკა და კრედიტი. ბანკი საკრედიტო არდადეგებს არ გვაძლევს, თუმცა ხელისუფლებაც დაგვპირდა. ჩემნაირი ხალხი ბევრია, ზოგიერთი ჩემზე უარეს დღეშიც არის. აიღეს სესხი, დაიწყეს საკუთარი საქმე, ერთი თვის შემდეგ კი კარანტინი გამოცხადდა. ქირის ფულს ვერ იხდიან და კრედიტს ვერ ფარავენ, ზოგმა თვითმკვლელობაზეც კი დაიწყო ფიქრი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღისით გაუქმდა, მუშაობს მხოლოდ დილის 5-დან 10 საათამდე. 10-დან 16 საათამდე ტრანსპორტი არ არის, დავდივართ ფეხით ან ტაქსით (ტაქსისტები მუშაობენ მუდამ). სახლში ჯდომა შეუძლებელია, რადგან საჭიროა ბანკში სიარული, კრედიტების გადახდა, ან მსგავსი საქმიანობა. საავდმყოფო ქალაქის გასასვლელში მდებარეობს, ტაქსის გამოძახება გვიწევს ან ვისაც ფული არ აქვს ფეხით სიარული უხდება»,- ამბობს ს.პეტროსიანი ქალაქ კალუგიდან.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოითხოვა, რომ 5 მაისისათვის ხელისუფლებამ თვითიზოლაციის რეჟიმიდან გამოსვლის ეტაპობრივი გეგმა მოამზადოს. მინისტრთა კაბინეტმა კრიტერიუმები უნდა ჩამოწეროს, რომელთა მიხედვითაც რეგიონების მთავარი პირები 12 მაისიდან კარანტინის შემსუბუქების გადაწყვეტილების მიღებას შეძლებენ…