ევროპის 41 ქვეყანას შორის საქართველო მედიაწიგნიერების ინდექსში ბოლო ადგილზეა.
პირველ ხუთეულში შედიან ფინეთი, ნორვეგია, დანია, ესტონეთი და ირლანდია.
ავტორების თანახმად, კვლევამ აჩვენა, რომ ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს გაცილებით მეტად შეუძლიათ ყალბი ინფორმაციისგან თავის დაცვა, ვიდრე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს.
მაქსიმალური 100 ქულიდან საქართველოს მხოლოდ 20 ქულა აქვს და ამ სიაში ბოლო ადგილს იკავებს.
კავკასიის სხვა ქვეყნები ჩამონათვალში არ ფიგურირებს. სიაში არ არის არც რუსეთი.
საქართველოს მეზობლებიდან კვლევაში მხოლოდ თურქეთი მოხვდა, რომელიც 11 ქულითა და 5 ადგილით (36-ე ადგილი) უსწრებს საქართველოს.
საქართველო ჩამორჩება ჩრდილოეთ მაკედონიას, კოსოვოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ალბანეთსაც.
უკრაინა რეიტინგში 29-ე ადგილს იკავებს 39 ქულით.
„ევროპული პოლიტიკის ინიციატივისა“ (EuP) და სოფიის ღია საზოგადოების ინსტიტუტის (OSIS) ანგარიში, რომელიც 2017 წლიდან ყოველწლიურად აფასებს ევროპის ქვეყნებში მედიაწიგნიერების დონეს, ოქტომბერში გამოქვეყნდა.
ამ ანგარიშის მეთოდოლოგია, თავის მხრივ, ეფუძნება სხვადასხვა საერთაშორისო ინდექსს: ფრიდომ ჰაუსისა“ და ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, პრესის თავისუფლების ინდექსებს, PISA-ს რეიტინგებს წაკითხულის გააზრებაში, სამეცნიერო ცნობიერებასა და მათემატიკაში, ასევე, მსოფლიო ბანკისა და გაეროს სხვადასხვა მონაცემს.
წლევანდელ რეიტინგებში ავტორებმა პირველად შეიყვანეს საქართველო.
„ღია საზოგადოება – საქართველოს“ ვებგვერდის განმარტებით, მედიაწიგნიერება შეიძლება განვიხილოთ, როგორც, „ერთი მხრივ, ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში ორიენტირების, ინფორმაციის გაფილტვრის და, მეორე მხრივ, ახალი ინფორმაციის/ცოდნის შექმნისა და გაზიარების ინსტრუმენტი“.