29 და 30 ოქტომბერს, საქართველოს წითელი ჯვრის ექიმთა ჯგუფი ახალქალაქელი მოხალისეების თანხლებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის, გოდოლარისა და კარტიკამის პაციენტებს ღებულობს.
სოფელ კარტიკამში ამბულატორიასთან წითელი ჯვრის მანქანა დგას, სადაც სოფლის მედდა და ექიმები ჩამოსულების შესახვედრად ემზადებიან. სოფლებში ექიმების ბრიგადის მოსვლაზე წინასწარ იცოდნენ, რათა მსურველებს, რომლებიც საავადმყოფოებში მიზეზთა გამო გამოკვლევას ვერ გადიოდნენ, უსასყიდლოდ გაევლოთ გამოკვლევა და კონსულტაცია.
„სპეციალისტი ექოსკოპისტ-რადიოლოგი, კარდიოლოგი, რომელიც ასევე თერაპევტია, ოფთალმოლოგი გვესტუმრნენ. თავად გინეკოლოგი ვარ. ეს ბრიგადა მოსახლეობისთვის საჭირო სპეციალისტებისგან შეიკრიბა. ვისაც თვალებთან, შინაგან ორგანოებთან, გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ასევე ქალებს, რომელიც გინეკოლოგთან ვერ მიდიან, კონსულტაცია სჭირდებათ. მობილიზებულები ვართ, ყველას ვიღებთ და ვემსახურებით“, – აცხადებს წითელი წყაროს წითელი ჯვრის მენეჯერი, ექიმ-გინეკოლოგი ნათელა თამაზაშვილი.
ექიმები აღნიშნავენ, რომ ახალქალაქში მუშაობას ამბულატორიულ კლინიკებში სითბოს ნაკლებობა, საწოლების არარსებობა და ხვა პრობლემები ართულებს. თმცა ყოველივემ პაციენტების მიღებაში ხელი არ შეუშალათ.
მხოლოდ ახალქალაქიდან შორსმდებარე სოფელ გოდოლარში ექიმებმა დღეში 75 პაციენტი მიიღეს. საქართველოს წითელი ჯვრის ექიმთა ჯგუფი ჯანმრთელობის შემოწმების მსურველებს სოფელ კარტიკამში იღებს, რადგან იქ ახალი ამბულატორია აქვთ.
ორ დღეში ექიმებმა 238 ადამიანი მიიღეს.
მოსახლეობა მორიგეობით ელოდა კონსულტაციას. ერთ ოთახში კარდიოლოგი ნინო ფურცელაძე და ოფთალმოლოგი ნინო კალატოზიშვილი მუშაობდნენ, მეორეში კი გინეკოლოგი და ექოსკოპისტი ნინო სირაძე. ისინი ყველა საჭირო აღჭურვილობით მოვიდნენ.
„წითელი ჯვრის ფილიალის გახსნიდან ორი წელი გავიდა, მაგრამ მსგავსი პროექტი პირველად ხორციელდება. წითელი ჯვარი დაუცველთა გვერდითაა, ამიტომ ახალქალაქი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. შესაბამისად, მომავალში კიდევ იქნება მსგავსი აქციები და ღონისძიებები“, – განმარტავს ჰნაზიკ ავეტისიანი, წითელი ჯვრის მენეჯერი ახალქალაქში.
უფასო სამედიცინო გამოკვლევები ახალქალაქის მუნიციპალიტეტსა და წითელ ჯვარს შორის გასულ წელს გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ტარდება.