28 ოქტომბერს, ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე იმ ორი ორმოს მოასფალტება დაიწყო, რომლებსაც 2019-2020 წლებში საფუძვლიანი რეაბილიტაცია 14 749 992.92 ლარად ჩაუტარდა.
დილიდან იმ 100 მეტრიან მონაკვეთს არემონტებენ, რომელზეც ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კაპიტალური რემონტის შემდეგ მალევე ორი ორმო გაჩნდა. კომპანია „ჯავახავტოგზას“ დირექტორის ნოდარ ინასარიძის თქმით (ის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ქვეკონტრაქტორი იყო), პროექტის ფარგლებში ამ ადგილას ორმოების შესაკეთებლად სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა საგარანტიო ვადა ერთ თვეში იწურება. ინასარიძემ აღნიშნა, რომ ორმოები მხოლოდ ერთი კვადრატული მეტრი იყო, მაგრამ საუკეთესო შედეგისთვის დიდი ფართობის შეკეთება გადაწყვიტეს და ახლა 100 მეტრიანი გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე დიდი ხანია ორმოები გაჩნდა, რომლებიც წვიმიან სეზონზე დღითი დღე იზრდებოდა, წვიმის წყლით ივსებოდა და მძღოლებისთვის სახიფათო იყო. მონაკვეთის გარემონტების პირობა არაერთხელ დადეს, მაგრამ ორმო იზრდებოდა, სარემონტო სამუშაოები კი არ ტარდებოდა.
გზა 2019-2020 წლებში მოაასფალტეს. საერთო ჯამში ახალციხე-ნინოწმინდის 16-კილომეტრიანი გზის ნაცვლად, ახალქალაქი-ნინოწმინდის 70-დან 86 კმ-მდე მონაკვეთი გარემონტდა.
ელექტრონული ტენდერი საქართველოს ტერიტორიული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა, სადაც კომპანია „საგზაო-სამშენებლო სამმართველო N1“-მა 14 749 992,92 ლარით გაიმარჯვა. რეკონსტრუქცია “ჯავახავტოგზას” საგზაო-სამშენებლო კომპანიამ აწარმოა, რომელიც „საგზაო-სამშენებლო სამმართველო N1“-ის ქვეკონტრაქტორი იყო.