საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
არსებული ინფორმაციის თანახმად, 58 წლის პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამასთან, გარდაცვლილი პაციენტი თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 589 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 221 პაციენტი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში 5260 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553.