ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხასა და ჯიგრაშენში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახლებისა და საყოფაცხოვრებო ნაკვეთების აზომვითი სამუშაოები დასრულდა. მიწის აზომვის და რეგისტრაციის პროცესი წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ახალქალაქის სოფელ დილისკას მიწები 2022 წლის ნოემბერში გაიზომება.
სახელმწიფო პროგრამის განრიგის მიხედვით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მიწის უფასო რეგისტრაციის პროცესი სოფელ სათხასა და ჯიგრაშენში დაიწყო. საჯარო რეესტრის ვებგვერდის ინფორმაციით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებიდან 2 დარეგისტრირებულია, 2 316 კი აზომილი. დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია შეუძლიათ ამ ვებგვერდზე გადაამოწმონ: napr.gov.ge
სოფელ ჯიგრაშენში, მოსახლეობის თქმით, ივნის-ივლისში საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა სახლები და საყოფაცხოვრებო ნაკვეთები გაზომეს. სხვა მიწის ნაკვეთები, რომლებიც სახლებიდან შორს არის, არ არის გაზომილი. მოსახლეობა გაურკვევლობაშია, არ იციან რა დაემართა მათ საბუთებს, ან რამე პრობლემა ხომ არ წარმოიშვა.
ჯიგრაშენელი არმენუი ეზეკიანი ამბობს, რომ რეესტრიდან მოვიდნენ, გაზომეს და უბრალოდ წავიდნენ:
“თქვეს, რომ 15 დღეში დაგვირეკავდნენ და წავიდნენ, თუმცა დღემდე არაფერი შეუტყობინებიათ.”
არტავაზდ ღაზარიანი განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა მხოლოდ სახლები და საყოფაცხოვრებო ნაკვეთები აზომეს:
„სახლიდან მოშორებით მდებარე მიწის ნაკვეთები არ გაზომეს. წასვლამდე გვითხრეს, რომ მოგვიანებით მოვიდოდნენ და სამი თვეა უშედეგოდ ველოდებით.”
ანა ეზეკიანის სახლი 20 წლის წინ გარდაცვლილი დედამთილის საკუთრებაა, ამიტომ სახლის თავის სახელზე დარეგისტრირება სურდა. მისი თქმით, საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა სახლი და სახლთან მიმდებარე მიწა გაზომეს, პასპორტის მონაცემები აიღეს და წავიდნენ.
“ბოლო სტუმრობიდან 3 თვე გავიდა, თუმცა გვითხრეს არსად წავსულიყავით, 20 წუთში მოვიდოდნენ და ხელსაც მოვაწერდით, მაგრამ არ დაბრუნდნენ. შესაბამისად, სახლი ჩემს სახელზე ვერ დავარეგისტრირე”, – აცხადებს ანა ეზეკიანი.
ანა იმედოვნებდა, რომ ნოემბრამდე დაარეგისტრირებდა და შეძლებდა სახელმწიფო სოფლის მეურნეოთუბის სუბსიდიით სარგებლობას, რომლის მიხედვითაც მას მიწის დარეგისტრირების შემთხვევაში ჰექტარზე 300 ლარის ოდენობის დახმარება ეძლევა.
საქართველოს საჯარო რეესტრში ჩვენს კითხვაზე, რა ეტაპზეა ჯიგრაშენისა და სათხის მიწების აღრიცხვის პროცესი, სადაც მიწის აზომვა უკვე უნდა დასრულებულიყო, გვითხრეს, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია ცალ-ცალკე შეამოწმოს თავისი საქმის სტატუსი, მაგრამ ზოგადად პროცესი ადვილი არ არის და ბევრ დროსაც საჭიროებს.
2022 წლის იანვრიდან მუნიციპალიტეტების მერიები მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლეგალიზაციისა და იდენტიფიკაციის პროცესში არ მონაწილეობენ. 2022 წლიდან 2024 წლამდე მიწის რეგისტრაციის მთელ პროცესს საჯარო რეესტრი მართავს. ამ პერიოდში მიწის ნაკვეთის ეტაპობრივი რეგისტრაცია განხორციელდება. პროცესი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დაიწყო, ხოლო ახალქალაქში მიმდინარე წლის ნოემბერში გადაინაცვლებენ.
თუ მესაკუთრე მიწას გარკვეულ ვადაში დაარეგისტრირებს, მთელი პროცედურა (აერო გადაღება, დოკუმენტების მოძიება, რეგისტრაცია და ა.შ.) უფასო იქნება.
თუ ადამიანს მიწის დარეგისტრირება უგრაფიკოდ სურს, მაშინ პროცედურა ფასიანია.
პროცედურებს უფასოდ გაივლიან ადამიანები, რომლებმაც საბუთები 2022 წლის 1 იანვრამდე წარადგინეს და მათი მიწის რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს.