PMC-ის კვლევის „საჯარო სამსახურში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის შეფასება“ ფარგლებში გამოვლინდა პრობლემები, რომლებსაც სომეხი საჯარო მოხელეები აწყდებიან. საქართველოში ყველა ეთნიკურ უმცირესობას საერთო პრობლემები აქვს: სახელმწიფო ენის არცოდნა, ქალთა დაბალი მონაწილეობა, პოლიტიკური გავლენა, ნეპოტიზმი. თუმცა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვა პრობლემებიც იჩენს თავს.
სამცხე-ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში ჩატარდა კვლევა: ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ახალციხეში. კვლევა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და UK Aid-ის მხარდაჭერით განხორციელდა. კვლევისთვის ინტერვიუები ჩამოართვეს სხვადასხვა ფოკუს-ჯგუფის, 20 სომხურენოვან საჯარო მოხელეს, 1 + 4 პროგრამის 5 სტაჟიორს, 5 სომხურენოვან მოქალაქეს, რომელთაც სურთ საჯარო მოხელეები გახდნენ, და სხვებს.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ენის არცოდნა საჯარო მოხელეების ერთ-ერთ პრობლემაა, კვლევაში აღნიშნულია, რომ ენის არცოდნის გამო სამცხე-ჯავახეთში (ახალქალაქში, ნინოწმინდაში) დასაქმებაზე უარს არ ეუბნებიან, რადგან ენის ცოდნის დონეს არ ამოწმებენ და ხშირად გასაუბრება უცხო ენაზეც ტარდება. კვლევის მიხედვით, ვინაიდან მუშაობის პროცესში, განსაკუთრებით დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, აუცილებელია ქართული ენის ცოდნა, ამიტომ სპეციალისტების თანამდებობებზე ქართველებს ან ეთნიკური უმცირესობების იმ წარმომადგენლებს ირჩევენ, რომლებიც ქართულად საუბრობენ. თუმცა ქალაქის მერი ქართულის ცოდნით ვერ იკვეხნის. ოფიციალურ საქმეთწარმოებაში ხშირად მიმართავენ თარჯიმნებსა და სპეციალისტებს, რომლებიც ენას ფლობენ, ხოლო მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის პრიორიტეტული სომხურად მოლაპარაკე თანამშრომლები არიან, ამიტომ ორენოვანი თანამშრომლების მნიშვნელობა იზრდება.
ის საჯარო მოხელეები, რომლებიც არ ფლობენ ქართულ ენას, ამბობენ, რომ ენის არცოდნა საქმეს ართულებს, მაგრამ მაინც უმკლავდებიან. კვლევის ავტორები კი აღნიშნავენ, რომ ეს ხარვეზი უარყოფითად მოქმედებს მათ პროდუქტიულობაზე.
საჯარო მოხელეებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო სამსახურებში ნეპოტიზმსაც აქვს ადგილი. კანდიდატების პოლიტიკურ შეხედულებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ; პოლიტიკურმა შეხედულებებმა და „ძალიან მაღალმა“ სამოქალაქო ჩართულობამ შეიძლება დასაქმებაში ან კარიერულ ზრდაში ხელი შეუშალოთ.
კვლევაში განიხილეს პრობლემები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებს საჯარო სამსახურში ექმნებათ. კვლევის დეტალები ქართულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კვლევის შედეგად მიღებულ რეკომენდაციების მიხედვით აუცილებელია იმ საჯარო მოხელეებმა, რომლებიც არ ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ მეტი შეიტყონ. ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია ხშირად აღიქმება, როგორც ადგილობრივების მიერ არასახელმწიფო ენის შესწავლა. რეგიონულ და ცენტრალურ დონეზე რეკომენდებულია ვაკანსიების გამოცხადებისას ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერის სისტემის შემუშავება და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა.