საქართველომ გერმანიიდან რამდენიმე ათასი ტესტი მიიღო, – აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ლუგარის ცენტრში ჟურნალისტებთან განაცხადა.
გაწეული დახმარებისთვის ამირან გამყრელიძე გერმანიას მადლობას უხდის.
„ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის დახმარება. შემთხვევით ვსარგებლობ და გერმანიის მთავრობას, გერმანიის საელჩოს, პირადად ელჩს, სამხედრო ატაშეს მინდა დიდი მალდობა გადავუხადო. იცით, რომ 2013 წლიდან ძალიან ნაყოფიერი თანამშროლობა გვაქვს ბუნდესვერის მიკრობიოლოგის ინსტიტუტთან, რომელიც მიუნჰენშია განთავსებული, ის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი უზარამაზარი ინსტიტუტია. მათთან ერთად რამდენიმე დიდ პროექტს ვახორციელებთ. კორონავირუსული პანდემიის დასაწყისში, უკვე თებერვლის პირველივე რიცხვებში, როცა ჯერ კიდევ მზა ე.წ. PCR ტესტები არ არსებობდა, მათ პრაიმერები მოგვაწოდეს, რომლითაც სხვადასხვა ნაკრებების შედგენა ხდება ადგილზე და ჩვენთან თებერვლის დასაწყისიდან ხელმისაწვდომი იყო კორონავირუსულ ინფექციაზე ადამიანების ტესტირება. ამის შემდეგ სამჯერ განხორციელდა გერმანიის დახმარება და დღევანდელი დახმარება სწორედ ისევ პრაიმერებია და ასევე, ახალი ტესტსისტემები, ე.წ. სეროლოგიური, მარტივად რომ აგიხსნათ, ეს გახლავთ სწრაფი ტესტების უფრო ზუსტი ანალოგი, რომელიც ლაბორატორიულ პირობებში იქმნება და არა ვთქვათ, საველე პირობებში. ამ ტესტსისტემებს შესაბამისი დანიშნულებისამებრ გამოვიყენებთ…
მადლობელი ვარ, რომ ყველა ამ ურთიერთობას მხარდაჭერას უწევს საქართველოში გერმანიის საელჩო და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, მის მოადგილეს, ალექსანდრე ღვთისიაშვილს და მთელ გუნდს, ასევე ჩვენს საკონსულოს მიუნჰენში. ასეთი სწრაფი პარტნიორული თანამშრომლობით საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, გერმანიის საელჩო, გერმანიის მთავრობა დაავადებათა კონტროლის ცენტრს სერიოზულ დახმარებას უწევს. კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.