ახალქალაქის რაიონის სოფელი დილისკის 59 წლის კოლია მანასიანი თირკმლის უკმარისობითაა დაავადებული, ის უკვე მეორე წელია, კვირაში ორჯერ ახალციხეში გემოდიალიზზე მიდის. საქმე იმაშია, რომ ის საქართველოს მოქალაქე არ არის, ამიტომ მკურნალობა მისთვის ფასიანია და ყოველჯერზე 200 ლარზე მეტის დახარჯვა უწევს. კოლია მოქალაქეობის აღდგენას შეეცადა, თუმცა ამაოდ.
თავდაპირველად კოლია მანასიანი ახალციხეში გემოდიალიზზე კვირაში სამჯერ ჩადიოდა, შემდეგ ფინანსური პრობლემების გამო კონსულტაცია გაიარა ექიმთან და პროცედურა კვირაში ორჯერ დაუნიშნეს. ახლა კოლია ფიქრობს, რომ კვირაში ერთხელ ჩავიდეს, თუმცა ექიმმა ეს აუკრძალა.
«რა გავაკეთო, საიდან ამდენი ფული? მე კვირაში ერთხელ მინდა ჩასვლა, მაგრამ ეს სახიფათოა, შეიძლება ამან შეუქცევადი შედეგი გამოიწვიოს. ექიმმა თქვა, რომ ვიზიტი 1-ჯერამდე არ უნდა შევამცირო, მაგრამ რა გავაკეთო?»,- შეწუხებული ხმითა და გაურკვეველი მზერით ყვება კოლია მანასიანი.
თირკმლის უკმარისობის მქონე სხვა მგზავრებთან ერთად საზოგადოებრივი ტრასპორტით დიალიზზე მისვლა კოლიას არ შეუძლია, რადგან მაგ დროს საავადმყოფოში ყველა ადგილი დაკავებულია. ამიტომ ის იძულებულია ტაქსით იმგზავროს. კოლია ყვება, რომ კეთილშობილ ადამიანს შეხვდა, რომელსაც 45 ლარად მიჰყავს, 4 საათის განმავობაში ელოდება, შემდეგ კი უკან ჩამოჰყავს.
თირკმელების პრობლემები კოლიას 18 წლის ასაკში გამოუვლინდა, მას შემდეგ რაც, მისი თქმით, საქართველოში ექიმებმა არასწორი მკურნალობა ჩაუტარეს. მკურნალობის გასაგრძელებლად მშობლებმა ის რუსეთში წაიყვანეს. იქ, ინვალიდობის პენსიის გასაფორმებლად, კოლიამ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, თუმცა მაშინ მშობლებმა, საზოგადოებრივი მორალის გათვალისწინებით, უარი თქვეს პენსიაზე, რათა ხალხს არ ელაპარაკა, რომ მათი შვილი ავადმყოფია და პენსიას ღებულობს. შესაბამისად, კოლია დღემდე არავითარ დახმარებას არ ღებულობს.
რადგან ის რუსეთის მოქალაქეა, მისი საქართველოში მკურნალობა ფასიანია. მსგავსად საკუთარი მოქალაქეების მკურნალობისა, რომლებიც გემოდიალიზს ღებულობენ, სახელმწიფო კოლიას არ აფინანსებს. თუმცა, მას აქვს დროებითი ბინადრობის საბუთი, რომელსაც ამ შემთხევაში არავითარი ძალა არ გააჩნია.
სოფელი დილისკის მკვიდრმა, კოლია მანასიანმა საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე განცხადება შეიტანა, თუმცა უშედეგოდ.
«გასულ წელს შევეცადე საქართველოს მოქალაქეობა მიმეღო, მაგრამ არ გამოვიდა. გადავიხადე 350 ლარი, რათა ორ თვეში პასპორტი მიმეღო, შეიძლება გადამეხადა 250 ლარი, მაგრამ ამ შემთხვევაში 3 თვე დასჭირდებოდა მოცდა, მე მინდოდა მალევე მიმეღო საბუთი. ჩავედი თბილისის იუსტიციის სახლში, იქ მომიტანეს ქართული ენის ტესტი, მე ქართული ენა არ ვიცი, ჩვენ დროს ვინ სწავლობდა ქართულ ენას? ავიღე კალამი და შემთხვევითობის პრინციპით აღვნიშნე პასუხები ტესტში. 10 დღის შემდეგ მომივიდა პასუხი, რომ მე ვერ ჩავაბარე გამოცდა»,- ყვება ის.
გამოუვალ მდგომარეობაში მან ყველა ინსტანციას მიმართა. მას დახმარების იმედი ჰქონდა.
«მე მივმართე მერიას, დეპუტატს, მითხრეს, რომ მხოლოდ თბილისს შეუძლია მოქალაქეობის გაცემა, მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. მოგვიანებით მითხრეს, რომ არჩევნებზე იქნება შეღავათი და გამოცდა მოიხსნება. მე არ ვიცი, ეს მითხრეს დასამშვიდებლად თუ ნამდვილად ასე იქნება, ვერ გეტყვით»,- აღნიშნავს კოლია.
ოჯახის შემოსავლების ძირითადი წყარო საზღვარგარეთ მომუშავე ვაჟიშვილია, მაგრამ წელს ის სამუშაოდ გადავიდა რუსეთში და ავად გახდა, მასაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ახლა აღარც ის მუშაობს.
კოლია მანასიანის მეუღლემ, ერიკნაზმა ცრემლები ვერ შეიკავა როდესაც ყვებოდა, რომ ქმრის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს.
«მე მიწას ვამუშავებ, მეცხოველეობას ვეწევი, უნდა დავეხმარო მეუღლეს. ჩვენ კვების პროდუქტებს არ ვყიდულობთ, თავნხას მხოლოდ მისთვის ვაგროვებთ. წამლებს ყოველთვიურად ვყიდულობთ, მისთვის ყველაფერი ფასიანია. ყოველთვიურად მისი დიალიზისათვის დაახლოებით 1500 ლარი გვეხარჯება. არის თვეები, როდესაც სასოწარკვეთილებმა არ ვიცით, თუ საიდან უნდა ვნახოთ ფული. ასეთ დღეებში მეზობლები, ნათესავები და მოყვრები გვეხმარებიან, რისთვისაც ყველასი დიდი მადლიერები ვართ»,- ამბობს ერიქნაზი და ცრემლებს იმშრალებს.
დიდი ხნის დუმილის შემდეგ მან თქვა:
«არის დღეები, როდესაც ჩემი ქმარი ამბობს- თავი უნდა მოვიკლა და მორჩა. რა გავაკეთოთ? თუ ფულს ვერ ვნახავთ… მერე რა იქნება? მე ყოველ დღე უფალს ვევედრები»,- ამატებს ერიქნაზი.
კოლია მანასიანისა და მისი ოჯახის წევრების ერთადერთი სათხოვარი ისაა, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარონ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Jnews-ი პარლამნეტის დეპუტატს, ენზელ მკოიანს გაესაუბრა.
«გასული წლის 27 ნოემბერს გაიმართა შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მთელი ხელმძღვანელობა ესწრებოდა, მათ შორის მეც. პირველ რიგში, ეს საკითხი დავსვი. დამსწრე პირებს ეს პრობლემა წარვუდგინე და ვთქვი, რომ 45 წელს გადაცილებულ ადამიანებს უჭირთ სახელმწიფო ენის სწავლა, ეს ხალხი ცოდოა, ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. მაშინ მე მკითხეს, თუ რამდენი ადამიანია მსგავსი პრობლემით, ვუპასუხე, რომ ათასობით. აღვნიშნე, რომ ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, მაგრამ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს, რათა ოჯახის რჩენა შეეძლოთ. ისინი ამ საკითხს სერიოზულად ეკიდებიან, თუმცა ეს მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული. დამოკიდებულია ევროპაზეც, რადგან ბოლო პერიოდში გერმანიასა და ესპანეთში იყო ბევრი ემიგრანტი, ამიტომ მათ ეს გაამკაცრეს. ჩვენ ენის საკითხის გამარტივება ვთხოვეთ, რათა ხალხმა მოახერხოს მოქალაქეობის მიღება»,- ამბობს ენზელ მკოიანი.
დეპუტატი ასევე აღნიშნა, რომ იმ მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებიც გემოდიალიზს იტარებენ, ბევრი პროქტი ხორციელდება.
«ჩვენ ტრანსპორტის საკითხი მოვაგვარეთ, 1000 ლარი თვეში, ჩვენი მოქალაქეებისთვის რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ვაკეთებთ. ვინც არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, კანონი რაიმეს გაკეთების უფლებას არ გვაძლევს. საჭიროა ლოდინი, მხოლოდ დაცდა»,- აღნიშნავს დეპუტატი.
იუსტიციის სახლიდან აზუსტებენ, რომ:
«საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, თუ პირმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, წლის ბოლომდე შეუძლია აღდგენის განაცხადი შეიტანოს. თუ უკვე მიიღეთ უარყოფითი პასუხი, ერთი წელი უნდა დაელოდოთ, რათა გქონდეთ განაცხადის მეორედ შეტანის შესაძლებლობა. რაც შეეხება ქართული ენის გამოცდას, კანონით ესაც აუცილებელია, გამოცდისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ ის პირები, რომლებიც N100 დოკუმენტს წარადგენენ. საბუთი ადასტურებს, რომ ჯანმრთელობის ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე პირი გამოცდაზე ვერ წარდგება. ეს დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ განიხილება და ამის შემდეგ პრეზიდენტს გადაეცემა»,- განმარტეს სამინისტროში.
შეკითხვაზე, განა შეუძლებელია კონკრეტული მოქალაქის შემთხვევაში დათმობაზე წასვლა, სამინისტროში აღნიშნავენ- კანონი ყველასთვის თანაბარია. მაგრამ რა გააკეთოს ადამიანმა თუ მას ყოველთვიურად ამდენი ფულის გადახდა არ ძალუძს, რა არის გამოსავალი?
გაიანე აკოჯიან