აზარტული თამაშების მიზნით შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა – ამის შესახებ აღნიშნულია კვლევითი ორგანიზაცია PMCG-ის ანგარიშში.
„აქტივობების მიხედვით 2022 წლის პირველ ნახევარში ზღვაზე მიმავალი ვიზიტორების წილი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასევე, გაიზარდა იმ ვიზიტორთა წილიც, რომელთა მიერ განხორციელებულ აქტივობებს შორის აზარტული თამაშებია. მეორე მხრივ, ისეთ აქტივობები, როგორებიცაა: ნადირობა, თევზაობა,ჯომარდობა, მთამსვლელობა და ცხენოსნობა ამ პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადი აღმოჩნდა“, – აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.
ამასთან, კვლევის მიხედვით, მონახულებული ადგილების მიხედვით ბათუმის წილი ვიზიტების მთლიან რაოდენობაში გაიზარდა და 2022 წლის პირველ ნახევარში 38.4%-ს მიაღწია. ამასთანავე, თბილისისა და ქუთაისის წილები, შესაბამისად, 4%-ით და 3.6%-ით გაიზარდა.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ მონახულებული რეგიონების კი ასე ნაწილდება: (2022 წლის 6 თვე)
თბილისი – 39%
აჭარა – 26%
მცხეთა-მთიანეთი – 13%
ქვემო ქართლი – 6%
იმერეთი – 5%
სამცხე-ჯავახეთი – 4%
კახეთი – 3%
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2%
შიდა ქართლი – 2%
„2022 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ვიზიტების ძირითადი მიზნების მიხედვით განაწილებაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ დასვენების/რეკრეაციისა (გაზრდილი 9.1პპ-ით) და მეგობრებთან/ნათესავებთან სტუმრობის (6.1პპ) წილი საერთო ვიზიტებში პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა, ტრანზიტის წილი 4.3პპ-ით, ბიზნეს ვიზიტების 4.1პპ-ით, ხოლო შოპინგის 4.0პპ-ით შემცირდა“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.
ორგანიზაციის მიმოხილვის მიხედვით, 2021 წლიდან საერთაშორისო ვიზიტების აღდგენის მნიშვნელოვანი დინამიკა შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის I კვარტლიდან აღდგენა გაძლიერდა და II კვარტალში 2019 წლის შესაბამისი პერიოდის საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის თითქმის ნახევარს მიაღწია.
საერთაშორისო ვიზიტების ნაწილობრივი აღდგენის მიუხედავად, 2022 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მთლიანმა დანახარჯმა პანდემიამდელ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად, 21%-ით, გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის II კვარტალში დანახარჯები 2019 წლის IIკვარტლის მაჩვენებელს მხოლოდ 6%-ით ჩამორჩებოდა – წერია კვლევაში.