სახალხო დამცველი – მარიტას წინაშე დამნაშავეა არა მხოლოდ ტექნიკური შემსრულებლები, არამედ უსაფრთხოების საკითხების მიმართ სისტემის გულგრილობა – თავისი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებით!
სახალხო დამცველი – მარიტას წინაშე დამნაშავეა არა მხოლოდ ტექნიკური შემსრულებლები, არამედ უსაფრთხოების საკითხების მიმართ სისტემის გულგრილობა – თავისი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებით!

მარიტას წინაშე დამნაშავე არა მხოლოდ ტექნიკური შემსრულებლები ან ზედამხედველები შეიძლება იყვნენ, არამედ დამნაშავე არის უსაფრთხოების საკითხების მიმართ სისტემის გულგრილობა – თავისი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებით, თვითმმართველობით! – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რითაც გუშინ, ვაკის პარკში 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, პოლიტიკოსების მხრიდან დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემა მხოლოდ სამძიმრით არ გამოიხატება და „ხსოვნის პატივისცემა გამოიხატება იმაში, თუ რას ცვლი რომ ასეთი ტრაგედიები არ განმეორდეს“.

„2017 წლის 24 ნოემბერს, ბათუმში სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო 11 ადამიანი დაიღუპა…

– 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში 9 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი დაიღუპა სამშენებლო უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო…

ყოველივე ამის შემდგომ, 2022 წლის 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რითიც ბათუმში შესაძლებელი გახდა მშენებლობები შენობა-ნაგებობის მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების, ევაკუაციის ნორმების დაუცველად !

ჩვენ ეს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში სასწრაფოდ გავასაჩივრეთ, რათა სასამართლოს მისი მოქმედება დაუყოვნებლივ შეეჩერებინა, ვინაიდან საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მაგრამ სასამართლოს ამ საკითხზე არც კი უმსჯელია, ხოლო აჭარის მთავრობის მეთაურმა ჩვეულ სტილში “მოგვიხსენია”.

რატომ დავწერე ეს. იმიტომ დავწერე, რომ მარიტას წინაშე დამნაშავე არა მხოლოდ ტექნიკური შემსრულებლები ან ზედამხედველები შეიძლება იყვნენ, არამედ დამნაშავე არის უსაფრთხოების საკითხების მიმართ სისტემის გულგრილობა – თავისი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებით, თვითმმართველობით! სისტემა, რომელიც ათობით ადამიანის, მათ შორის, ბავშვების დაღუპვის შემდეგაც კი ბედავს უსაფრთხოების წესების გარეშე მშენებლობა დააკანონოს, წარდგენილი საჩივარი არ განიხილოს, თანამდებობის პირებმა აქეთ ითავხედონ.

დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემა პოლიტიკოსების მხრიდან არ გამოიხატება მხოლოდ სამძიმრით, ხსოვნის პატივისცემა გამოიხატება იმაში, თუ რას ცვლი რომ ასეთი ტრაგედიები არ განმეორდეს!

არაპროფესიონალიზმი და უკონტროლო ძალაუფლება, ანგარიშვალდებულების არარსებობა ღუპავს მისი პირდაპირი და ირიბი გაგებით, ღუპავს ადამიანებს და ღუპავს ამ სისტემის მონაწილეებს“, – წერს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.