სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რიგები, ქართველ სამხედროებთან კომუნიკაციის პრობლემა, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროებითი შეზღუდვა, რთულად გასავლელი გზა და მოლას სიმღერა, რომელიც ხალხს სახლში წასვლისკენ მოუწოდებს – ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომლებსაც ყოველდღიურად საზღვარზე მდებარე სოფელ ხავეთის მოსახლეობა აწყდება.
ხავეთი ახალქალაქიდან 32 კილომეტრში, თურქეთის საზღვარზე მდებარეობს. სოფლის მინდვრამდე მისასვლელად ხავეთის მოსახლეობამ საშვი და პასპორტი უნდა წარმოადგინოს. თუ მცხოვრებს აღნიშნული დოკუმენტებიდან ერთ-ერთი მაინც არ აქვს, მინდორზე ვერ მოხვდება. ტერიტორიაზე ვერ შედიან სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც. საშვი სოფლის მცხოვრებლებზე სამი თვის ვადით (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) გაიცემა. როგორც საშვის მიღებისას, ასევე სასაზღვრო პუნქტის გადაკვეთისას მოსახლეობას კომუნიკაციის პრობლემა ექმნება. ქართველ ჯარისკაცებს რუსული არ ესმით, ხავეთელებს კი ქართული.
მინდვრებს, სადაც ბალახს თიბავენ, სოფლის მოსახლეობა აბლახს ეძახის. საბჭოთა პერიოდში აქ ხალხი ჯგუფურად, კოლმეურნეობებში მუშაობდა, შემდეგ კი ამ ჯგუფების წევრები განაგრძობდნენ ნაკვეთებით სარგებლობას. აბლახის მიწები საკუთრება არ არის, თუმცა სოფლის ყველა მცხოვრები მიწის ამ ნაკვეთებით არ სარგებლობს.
მოლას სიმღერამდე
სოფელ ხავეთის კუთვნილ სასაზღვრო მინდვრებში მოქალაქეებს მუშაობის უფლება აქვთ დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე.
აბლახში თურქული სოფლებიდან მოლას სიმღერა ისმის.
„მოლას პირველი სიმღერა სადილს ნიშნავს, მეორე სიმღერა კი სახლში წასვლის დროს მოასწავებს“, – ჰყვება სოფელ ხავეთის მკვიდრი მესროპ კარაპეტიანი.
მოლას სიმღერა ხავეთის მინდვრებში დღეში ორჯერ ისმის – 13:20 და 17:20 საათზე. სატელეფონო კავშირი აქ არ არის, სამხედრო ბაზა კი მინდვრებიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს. დროებითი დისბალანსი ხალხს უბიძგებს ყურადღება მოლას სიმღერაზე გაამახვილონ.
მოლას მეორე სიმღერის შემდეგ ჩქარობენ, რაც შეიძლება სწრაფად ასრულებენ საქმეს და გზას ადგებიან, რადგან თუ ტექნიკის პრობლემა შეექმნებათ, დახმარებას ვერ გამოიძახებენ. იძლებულები იქნებიან ყველაფერი დატოვონ და სახლებში დასაბრუნებლად ათეულობით კილომეტრი იარონ.
„ერთხელ სამუშაო გამიგრძელდა, სახლში ადრე მისვლა ვერ მოვასწარი და მარტო დავრჩი. გზაში ტრაქტორი გამიფუჭდა და რამდენიმე კილომეტრის გავლა მომიწია, სანამ სატელეფონო კავშირი არ აღდგა და დასახმარებლად დარეკვა მოვახერხე“, – განმარტვას სოფელ ხავეთის მკვიდრი მკრტჩიან ნორაირი, რომელიც ყოველწლიურად თიბვისას სხვადასხვა პრობლემას აწყდება.
აბლახი სოფლიდან 11 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, გზა ცუდ მდგომარეობაშია, ზოგან საშიშიც კია, რაც დამატებით სირთულეებს უქმნის სოფლის მოსახლეობას თივის სახლში მიტანისას.
ზაფხულის თვეებში, როცა თივის სეზონი იწყება, მოსახლეობის ყოველი დღე საზღვარზე რიგით იწყება და მოლას სიმღერით მთავრდება.
„სოფელში მიწის უკმარისობა არ არის, მაგრამ ბევრი სიძნელეა, რომელთაც უნდა გავუმკლავდეთ, რადგან ამით ვვარსებობთ“, – განმარტავენ მხცოვრებნი.
გრიშ მკრტჩიანი