კორონავირუსის ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, საქართველოში ყველაზე საპასუხისმგებლო კვირები იწყება. ამასთან დაკავშირებით საჭიროა მაქსიმალური მობილიზაცია, – მიაჩნია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს.
ეპიდემიოლოგის თქმით, სხვა ქვეყნების გამოცდილება მოწმობს, რომ შიდა გავრცელების დაწყებიდან მეექვსედან მერვე კვირამდე პერიოდი ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამ პერიოდში არის აუცილებელი ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის დაცვა.
როგორც გამყრელიძე ამბობს, საგანგებო რეჟიმის შესუსტებასთან ერთად ქვეყანაში გაიზრდება ყოველდღიური ტესტირების რაოდენობა. მისივე თქმით, 15 მაისამდე, COVID-19-ზე დღეში, 1500-დან 1700-მდე კვლევის ჩატარება იგეგმება, ხოლო 15 მაისს – 2 000-დან 2 500-მდე.
“როდესაც საგანგებო ზომები შესუსტდება, საჭიროა PCR-კვლევების გაფართოება, რათა ის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. ასევე, მეორე მხრივ, აუცილებელია საავადმყოფოებისა და პირველადი დახმარების სისტემის მზადყოფნა. ამ მიმართულებით მიდის ახლა ქვეყანა. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ დღემდე მიღებულმა ზომებმა მოგვცეს ის, რომ საქართველოში ინფექცია ჯერ კიდევ ნელა ვრცელდება, ე.ი არ გვაქვს ზრდის დიდი ნახტომი”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.