ის, თუ როგორ გადალახავენ ადამიანები ფსიქოლოგიურად კარანტინს, როგორ მოქმედებს ის მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებზე, როგორ შეიცვლება მსოფლიო პანდემიის შემდეგ, კარანტინის დროს ოჯახური ძალადობისა და სხვა მრავალის შესახებ Jnews-ი ფსიქოლოგ მარინა კაჩარავას გაესაუბრა.
– როგორ მოქმედებს კარანტინი და თვითიზოლაცია ადამიანის ფსიქიკაზე?
პირველ რიგში, ეს კულტურალურია, მეორე რიგში კი, სოციალური და ინდივიდუალური პრობლემები ფსიქიკაზე ძალიან მოქმედებს, მითუმეტეს, როდესაც ყველა კარანტინშია, თვითიზოლირებულია და ამას შიშის ფაქტორიც ემატება. რა თქმა უნდა, შიშის შეგრძნება მატულობს, მატულობს პანიკა, ზოგიერთს ფობიური აშლილობა უჩნდება, იმუნიტეტი ეცემა, სხეული წინააღმდეგობის გაწევის უნარს კარგავს, ხალხი სტრესშია. პანიკის დროს ადამიანი ცუდად აზროვნებს, მისი აზროვნება მცირდება, ეს დიდი მინუსია. როდესაც ადამიანი იკეტება და ყველაფერს საკუთარ თავში ინახავს, მას ადეკვატური ფიქრი არ შეუძლია, ეს ნორმალურ ცხოვრებას უშლის ხელს.
– და რა გავლენას ახდენს კარანტინი სხვადასხვა ჯგუფებზე: ბავშვებზე, იმ მშობლებზე, ვინც მუშაობდა და ახლა სახლში დარჩა ან ვინც არ მუშაობდა, უფროსებზე ან მოზარდებზე?
რასაკვირველია, ყველა ჯგუფზე მოქმედებს, მაგრამ ამას დადებითი მხარეც აქვს. კარგია, რომ პატარა ბავშვები მშობლებთან აღმოჩნდნენ, რადგან მათთვის სულერთია გარეთ რა ხდება, მათთვის მთავარი მშობლებთან ყოფნაა. ამ ყველაფერს პოზიტიური გავლენაც აქვს. ეს გაჩერებაა, გავჩერდით, ჩვენ ხომ არ გვინდოდა, ამას არ ვგეგმავდით, ჩვენ ციყვებივით ბორბალში ვტრიალებდით, ასე ვცხოვრობთ, 21-ე საუკუნეში ყველა ასე ცხოვრობს.
ამას ძალიან განიცდიან მოზარდები. ეს მათთვის ისედაც საკმაოდ რთული პერიოდია, ბევრი პრობლემაა, ამ დროს ხასიათი ეცვლებათ, ხან აქეთ არიან და ხან იქეთ. მეგობრებს, რომ ვერ ხვდებიან, ერთმანეთთან ურთიერთობა არ აქვთ, იძაბებიან. ის ვინც სახლში იჯდა, მათზეც მოქმედებს, მაგრამ არც ისე საშინლად. ვირუსი მოხუცებისთვის ძალიან საშიშია, ამის გაგონება მათ არ სიამოვნებთ. შვილებთან, შვილიშვილებთან, შვილთაშვილებთან ურთიერთობა არ შეუძლიათ, იზღუდებიან.
– როგორ მოქმედებს ფსიქიკაზე პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი?
ეს გაჩერებაა, რომლითაც ამ შეჩერებით უნდა ვისარგებლოთ, შევიცნოთ საკუთარი თავი, დავფიქრდეთ, რათა შემდეგ შევცვალოთ, მეტი დრო გავატაროთ ბავშვებთან, მეუღლესთან. ეს პირველ რიგში, ხოლო მეორე რიგში, რა თქმა უნდა, ეს უკვე 2 თვეა გრძელდება და ღმერთმა არ ქნას კიდევ გაგრძელდეს, რა თქმა უნდა ეს სოციალურ, ეკონომიკურ სიტუაციაზე და ფსიქიკაზე იმოქმედებს. რასაკვირველია ამის შემდეგ, ეს გადადის ან დეპრესიაში ან ფსიქიკურ აშლილობაში, ან აგრესიაში, გასაკვირი არაფერი არ არის. ხალხი დღეში 30-40-50 ლარს მუშაობდა და ამით ირჩენდა თავს. ბევრია ისეთი ადამიანები, რომლებიც ახლა არ მუშაობენ და ძალიან განიცდიან. რა თქმა უნდა იქნება კომპენსაცია, გავიგე, ეს არ დაგვამშვიდებს, მაგრამ მთელ მსოფლიოშია ახლა ასეთი ვითარება, მარტო ჩვენ არ ვართ. ეს ლოკალური პრობლემა არ არის, როგორც ომის ან მიწისძვრს დროს ხდება. ის ფაქტი გვამშვიდებს, რომ მარტო არ ვართ, მაგრამ მეორე მხრივ, საშიში ზუსტად ის არის, რომ ამ ვითარებაში ყველა ვართ.
– რა გააკეთოს ხალხმა, რომ კარანტინის დროს ფსიქიკაზე ზემოქმედებას გაექცეს?
კულინარიით, ხატვით, პლასტელინით დაკავდნენ, სახლში სხვადასხვა ღონისძიება ჩაატარონ, ბავშვებთან ითამაშონ. ინტერნეტში აჩვენებენ თუ ზოგი როგორ ცეკვავს და მღერის. მე მესმის, რომ ეს არ ამარტივებს ყველაფერს, მიუხედავად ამისა, ისინი საკუთარ ცხოვრებას იმსუბუქებენ. ამასთანავე აუცილებელია ტანვარჯიშით დაკავება. ვისაც ეზო აქვს მათთვის საშიში არ არის, მაგრამ ვინც პატარა ბინაში ცხოვრობს, მათ უჭირთ. იყო დრო ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ ასე, ჩვენს ქვეცნობიერში თვითგადარჩენის უნარი მოქმედებს. მაგალითად, მე-20 საუკუნეში იყო შემთხვევა, როდესაც თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მხოლოდ ერთი გოგონა გადარჩა, 50 დღე ჯუნგლებში ცხოვრობდა, მან კრიზისი გადალახა, ხან დადიოდა, ხან ყვიროდა, ხან ტიროდა. ეს არის ჩვენი რესურსები, მაგრამ, როდესაც კარგად ვართ მათ არ გამოვიყენებთ. ეს კრიტიკულ სიტუაციებში ვლინდება.
ზოგიერთი სულ ჭამს, ზოგიერთი ეწევა, ზოგიერთს სულ სძინავს, განა იმიტომ რომ ეძინება, უბრალოდ რეალობას გაურბის.
– რას დაუტოვს ადამიანს პანდემია?
არავინ არ იცის მერე რა მოხდება, სამყარო იმდენად შეიცვალა, რომ მყისიერად სხვა სიტუაციაში აღმოჩნდა. სიტუაცია ჩვენთვის უჩვეულოა. ვინ იცის მერე რა მოხდება, იქნებ სხვა ვირუსი გამოჩნდეს, იქნებ მსოფლიო ომი დაიწყოს. მსგავსი შემთხვევები უნდა დავძლიოთ. მე ოპტიმისტი ვარ, ვთვლი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამას პოზიტიური მხარეებიც აქვს, რომლებსაც ჩვენ ახლა ვერ ვხედავთ, უნდა ვეცადოთ და ეს წამები დავიჭიროთ.
– მართალია, რეალობა მკვეთრად შეიცვალა, რამდენიმე ხნის შემდეგ ცხოვრებას კორონავირუსამდე და მის შემდეგ პერიოდებად გავყოფთ, თქვენი აზრით, რა შეიცვლება მკვეთრად?
მართალია, ყველა ტრავმა, რომელიც ბავშვობაში გადავიტანეთ, ცხოვრების განმავლობაში გაგვყვება. მაგალიათად, ზოგიერთს საუბრის დროს თვალებში ყურება არ შეუძლია. ისინი სხვაგან იყურებიან, რადგან ერთ დროს ვიღაცის თვალებში ჩახედვის ეშინოდათ, იგივე ხდება კოცნის დროს. ორ წელიწადში ყველანი ძველ ცხოვრებას დავუბრუნდებით, მაღალ დონეზე იქნება ჰოგიენა. ჩვენ აბსოლუტურად სხვა სამყაროში გავიღვიძეთ. რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვლება. თუ იქნება სხვა ვირუსი, ის ასეთი საშიში აღარ იქნება. საჭიროა თავს გავუფრთხილდეთ და ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ.
– მთელ მსოფლიოში ოჯახში ძალადობის ფაქტების მომატების შესახებ საუბრობენ, თუმცა საქართველოში გამოაცხადეს, რომ ასე არ არის. რით აიხსნება ეს?
ჯერჯერობით მსგავსი საჩივრები არ გვქონია, მაგრამ ლოდინია საჭირო. როგორც ჩანს ნარკოტიკებზე ან სასმელზე მიჯაჭულ ხალხს ამის შესაძლებლობა ახლა არ აქვს. კაზინოები, სადაც ისინი თანხებს აგებენ, დაკეტილია. სოციოლოგებმა ამაზე უნდა იფიქრონ. ჩვენ ჯერ შევხედავთ, ჯერ კიდევ ერთი თვეა წინ და შესაძლებელია კარანტინის შემდეგ გამომჟღავნდეს. ახლა ჩვენი ადამიანური რესურსები გადარჩენისაკენ არის მიმართული. მას შემდეგ, რაც გადავრჩებით, შესაძლებელია ამან გაიღვიძოს. პროგნოზირება ძალიან რთულია.