განცხადებების უმსხვილეს ვებ-გვერდ ss.ge-ზე ბოლო 10-14 დღის განმავლობაში, ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
როგორც ss.ge-ს დირექტორმა, ნიკა ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ბოლო პერიოდში, დღიურად, საიტზე უნიკალური მნახველების რაოდენობა 15 000-ითაა გაზრდილი, უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილმა კი 15%-დან 30%-მდე მოიმატა.
მისივე თქმით, ვიზიტორთა ტრაფიკმა განსაკუთრებით იმ დროს მოიმატა, როდესაც რუსეთიდან საქართველოში შემოსული მოქალაქეების ნაკადი გაიზარდა.
„ერთი დღის განმავლობაში საიტზე 60 000 უნიკალური მნახველი შემოდის. ბოლო 10-14 დღეა ეს ტენდენცია შეინიშნება. აქედან 30% უცხოეთიდან შემოსული პირია. სავარაუდოდ, ეს ის ხალხია, რომელიც ომის გამო, ქვეყნის დატოვებას და საცხოვრების შეცვლას აპირებს. ვფიქრობთ, ტრაფიკის გაზრდა სწორედ ამას უნდა უკავშირდებოდეს,“ – აღნიშნა ნიკა ჯაფარიძემ.