ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი კვლავ მოუწოდებს რუსეთს, გადაუხადოს საქართველოს კომპენსაცია საქართველოს მოქალაქეების კოლექტიური დეპორტაციის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია შუალედურ რეზოლუციაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ეხება.

კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ კომიტეტის ადრეულ მოწოდებებზე, შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.

როგორც მინისტრთა კომიტეტი დოკუმენტში აღნიშნავს, იმის მუხედავად, რომ რუსეთს ევროპის საბჭოს წევრობა 2022 წლის 16 მარტს შეუწყდა, ის კვლავ ვალდებულია, შეასრულოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და მინისტრთა კომიტეტი განაგრძობს მათი აღსრულების მონიტორინგს.

კომიტეტი ასევე მწუხარებას გამოთქვამს, რომ სხდომამდე რუსულ მხარეს არანაირი ინფორმაცია არ წარმოუდგენია. მინისტრთა კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ვადის ამოწურვიდან სამ წელზე მეტი გავიდა და კომპენსაცია გადახდილი ჯერ არ არის.

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ განაჩენი 2019 წელს გამოიტანა და რუსულ მხარეს სამი თვის ვადაში კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს 1 500 მოქალაქისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლიანი კომპენსაცია არის უპირობოდ შესასრულებელი ვალდებულება. კომიტეტი აღნიშნულ საკითხს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თემისადმი მიძღვნილ შემდეგ სხდომაზე, 2022 წლის დეკემბერში განიხილავს.