ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, შვიდ წელზე მეტია, „ახალქალაქის საპატიო მოქალაქის“ წოდება არავის მინიჭებია, მათი სახელები კი, ვისაც ადრე ეს სტატუსი მიენიჭათ, რეგისტრირებული არ არის.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „საპატიო მოქალაქეების“ სია არ არსებობს. ქალაქში ეს სტატუსი გარემოების მიხედვით, მხოლოდ რამდენიმე ადამიანს მიანიჭეს, რომლებიც არ დაარეგისტრირეს და ახლა აღარავის ახსოვს ამ მოქალაქეების ზუსტი სია.
„საპატიო მოქალაქის“ წოდება ისეთ ადამიანებს ენიჭებათ, რომლებიც ცნობილი არიან ქალაქისთვის გაწეული სამსახურისთვის. საპატიო წოდება მის მფლობელს არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს.
2018 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ დადგენილება დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს და ნებისმიერი ეროვნების პირს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საზოგადოების განვითარებაში. საპატიო მოქალაქე შეიძლება გახდეს, როგორც მეცნიერი, ასევე, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები – ექიმები, მხატვრები, იურისტები, ეკონომისტები და ა.შ.
ახლა ტიტულის მისაღებად ყველა მსურველმა თავად უნდა წარადგინოს თავისი კანდიდატურა მუნიციპალიტეტის ორგანოებში, ან ამის გაკეთება შეუძლია სხვა პირს, ვინც ამ წოდების ღირსად მიიჩნევს კანდიდატს.
დღესასწაულზე – „ახალქალაქის დღე“, რომელიც ამ ბოლოს, მიმდინარე წლის 3 სექტემბერს გაიმართა, ეს საპატიო წოდება არავის მინიჭებია და ზოგადად, ახალი დადგენილების დამტკიცების შემდეგ ეს წოდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არავის მინიჭებია. მანამდე კი ვის მიენიჭა და კონკრეტულად რისთვის, მუნიციპალიტეტში ინფორმაცია არ აქვთ.
კითხვაზე, რატომ არავის აძლევენ „ახალქალაქის საპატიო მოქალაქის“ წოდებას, მით უმეტეს, რომ ქალაქის იუბილე აღინიშნა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის სახელით გვიპასუხეს, რომ ამას დიდი ორგანიზაციული მუშაობა სჭირდება, ამაზე გვიან დაფიქრდნენ და ქალაქის დღისთვის ვერ მოასწრეს.
Jnews-ი სხვადასხვა წყაროდან ცდილობდა „ახალქალაქის საპატიო მოქალაქეების“ სიის დაზუსტებას, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ერთი კონკრეტული სია არ არსებობს. სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იმ ადამიანების გვარებს წარმოგიდგენთ, რომლებმაც ზუსტად მიიღეს „ახალქალაქის საპატიო მოქალაქის“ წოდება.
ლევონ ბიჩახჩიანი – მშენებელი
ლევონ სარქისიანი – საქველმოქმედო ფონდ „პიუნიკის“ ხელმძღვანელი
ჰარუთიუნ ხაჩატრიანი – კინორეჟისორი, კინოფესტივალი „ოქროს გარგარის“ დამფუძნებელი
თუმას ჩივჩიანი – ქველმოქმედი
აშოტ ტაშჩიანი – ქველმოქმედი
აღსანიშნავია, რომ იმ პირებს, რომლებმაც საპატიო მოქალაქის წოდება მიიღეს, ასევე შეიძლება ჩამოერთვათ ეს ჯილდო, „თუ ისინი ამ მაღალ წოდებასთან შეუთავსებელ ქმედებას ჩაიდენენ, ცუდად გამოიყენებენ მას, როგორც პიროვნება, მოქალაქე და საზოგადო მოღვაწე“.