ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდში სასმელი წყლის პრობლემა მრავალი წელია აქტუალურია. სოფლის მოსახლეობის 70% წლის ნებისმიერ დროს წყალს სათლებით ეზიდება. სოფლის წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივი ხელისუფლება სატუმბ სადგურს ააშენებს.
სოფელი ოლავერდი მთის ძირში მდებარეობს, ამ ტერიტორიაზე უამრავი წყლის წყაროა, მაგრამ სოფელში წყლის პრობლემაა. სოფლის მცხოვრებლების თქმით, ის მოსახლეობის 70%-მდე ვერ აღწევს და წყალს სოფლის ცენტრიდან, დიდი კონტეინერებით ან სათლებით ეზიდებიან.
წყალი სოფელში ორი ადგილიდან მოდის: ლევანის ტბიდან, რომელიც საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის გამოიყენება და სასმელად უვარგისია, და აუზიდან, რომელიც სოფელს სასმელი წყლით ვერ აკმაყოფილებს.
„ჩვენ არაფერი გვაქვს, „ნამდვილი“ ხალხი არ ვართ და ასე ვცხოვრობთ. წყალი მთიდან მოედინება, ახლა წავიდნენ წყლის გასახსნელად, რომ სოფლამდე მოაღწიოს. 2-3 საათით ხსნიან, მერე ისევ კეტავენ, სანამ აუზი ისევ არ გაივსება“, – ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.
რადგან წყალი ცოტაა, სოფელში მისი მუდმივად გამოყენება შეუძლებელია. აუზის გავსებას ელოდებიან, წყალს რთავენ რამდენიმე საათით, შემდეგ ისევ კეტავენ, რომ გაივსოს და ასე ყოველ დღე, წელიწადის ნებისმიერ დროს. თუმცა ზამთარში ისიც ხდება, რომ ეს წყალი სოფლამდეც ვერ არწევს, იყინება.
„ახლა სოფელში სამი წყაროა, რომელსაც სოფლის მოსახლეობისთვის სარგებელი არ მოაქვს, წყალი დაბლა მდებარეობს, სოფელი ზევით არის და სახლებამდე ვერ აღწევს. ახლა ძრავა და ტუმბო უნდა დავაყენოთ“, – ამბობს სოფლის მკვიდრი მარტინ კტრიანი.
ჯივან ნერსისიანი ამატებს: „ახლა წყალს ქვემოდან სოფლის 240 ტონა ტევადობის აუზში გაიყვანენ, რომ იქიდან წყალი მთელ სოფელს მიუვიდეს“.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდში წყალმომარაგების სატუმბი სადგურის მშენებლობასა და მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაციაზე ელექტრონული ტენდერი 134 602 ლარის ოდენობით გამოცხადდა. კონკურსი ლევონ ქეროფიანმა 113 000 ლარით მოიგო.
სატუმბი სადგურის მშენებლობის ადგილი უკვე განსაზღვრული და მონიშნულია.
როგორც სოფლის სპეციალისტი ესაია ნერსესი ამბობს, სამუშაოები ახლახან დაიწყო.
«ავაშენებთ ახალ შენობას სატუმბი სადგურის ძრავის დასამონტაჟებლად, მთლიანად გამოვცვლით ცენტრალური წყალმომარაგების სისტემის მილებს, რათა წყალი მიეწოდოს აუზს და იქიდან თვითდინებით მივიდეს სოფელში“, – თქვა მან.
ნერსესიანი და სოფლის მოსახლეობა იმედს გამოთქვამენ, რომ წელს სამუშაოები დასრულდება და სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.