აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა, აბსოლუტური ტყუილია. უფრო მეტიც, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ამ პროვოკაციისთვის წინასწარ მოამზადა საინფორმაციო ნიადაგი სომხეთის მიერ ცეცხლის გახსნის შესახებ ყოველდღიური დეზინფორმაციის გავრცელების გზით, – ამის შესახებ საქართველოში სომხეთის ელჩმა აშოტ სმბატიანმა, „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კონფლიქტის ესკალაციის ბოლო შემთხვევის შეფასებისას განაცხადა.
ამასთან, როგორც დიპლომატმა განმარტა, სომხეთის ხელისუფლება, თავის მხრივ, ყოველდღიურ რეჟიმში უარყოფდა აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას. ამასთან, აშოტ სმბატიანის შეფასებით, აზერბაიჯანის ამჟამინდელი აგრესია უკავშირდება ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებული მოლაპარაკების პროცესს.
„13 სექტემბერს, 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიის, ნაღმმტყორცნებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ცეცხლი არა მხოლოდ საბრძოლო პოზიციებს, არამედ სომხეთის რესპუბლიკის დასახლებულ პუნქტებსაც გაუხსნა, კონკრეტულად სოტკის, ვარდენისის, გორისის, კაპანას, არტანიშასა და იშხანასარას მიმართულებით. თავდასხმა განხორციელდა ინფრასტრუქტურის სამოქალაქო ობიექტებზეც. საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე აზერბაიჯანულმა სამხედროებმა მასშტაბური შეტევა განახორციელეს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის მიმართულებით. აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად 105 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულებს შორის არიან სამოქალაქო პირებიც.
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა, აბსოლუტური ტყუილია. უფრო მეტიც, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ამ პროვოკაციისთვის წინასწარ მოამზადა საინფორმაციო ნიადაგი სომხეთის მიერ ცეცხლის გახსნის შესახებ ყოველდღიური დეზინფორმაციის გავრცელების გზით, რომლებსაც რეგულარულად უარყოფდა სომხეთის თავდაცვის სამინისტრო.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ აზერბაიჯანის ამჟამინდელი აგრესია უკავშირდება ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებული მოლაპარაკების პროცესს. ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში, აზერბაიჯანმა მშვიდობიანი მოლაპარაკების 5 წინადადება წარმოადგინა და შემოგვთავაზა სამშვიდობო შეთანხმებისთვის ხელი მათ საფუძველზე მოგვეწერა. ჩვენი პასუხი მდგომარეობდა იმაში, რომ ამ წინადადებებში ჩვენთვის მიუღებელი არაფერი იყო. სხვა საქმეა, რომ ეს წინადადებები არ ეხება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო დღისწესრიგის ყველა საკითხს. კერძოდ, ჩვენი ერთ-ერთი დამატება იყო მინიშნება 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების პრინციპების დაცვის შესახებ. შემდეგი მნიშვნელოვანი დამატება ეხებოდა მოსახლეობის უსაფრთხოებას, უფლებებსა და სტატუსს მთიან ყარაბაღში.
თავიდან ჩანდა, რომ ამ თემაზე საერთო გაგება იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში და განსაკუთრებით, ბრიუსელში გამართულ ბოლო შეხვედრაზე, აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანი უარს ამბობს სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებაზე ჩვენ მიერ წარმოდგენილი დამატებების საფუძველზე“,- განაცხადა სომხეთის ელჩმა აშოტ სმბატიანმა.