წელს მარცვლეულის მოსავალი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საკმაოდ მაღალია, ზოგადად, მოსახლეობამ ხორბლის კარგი მოსავალი მიიღო. შარშან 1 ჰექტარზე 3 ტონა ხორბალი იყო მიღებული, წელს კი 1 ჰექტარიდან 3,8 ტონა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ახალქალაქის საკონსულტაციო-საინფორმაციო ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა რამაზ გოგოლაძემ Jnews-ს სოფლის ხელმძღვანელებისგან და  ფერმერებისგან მიღებული უახლესი ინფორმაცია მიაწოდა. უფრო კონკრეტული მონაცემები კი დეკემბერში გახდება ცნობილი.

მაშ ასე, წელს ახალქალაქის რაიონში 7300 ჰექტარი ქერი, 2800 ჰექტარი ხორბალი, 300 ჰა შვრია და 10700 ჰა კარტოფილი დაითესა.

ხორბლის საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 3800 ტონაა, ქერის – 1600 ტონა.

„ხალხმა ხორბლის უკეთესი მოსავალი მიიღო და შესაბამისად, მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს მომავალ წელს მეტი ხორბლის დათესვა“, – ამბობს რამაზ გოგოლაძე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში როგორც წელს, ისე შარშან ხორბალი და ქერი ერთნაირი რაოდენობით დაითესა.

რაც შეეხება თვითღირებულებას, მოსავლის აღების დაწყებისას, როგორც ქერის, ასევე ხორბლის ფასი 1-1,20 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ახლა კი 0,80-0,70 ლარია.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2130 ჰექტარი ხორბალი დაითესა, როგორც საგაზაფხულო, ასევე საშემოდგომო, 7381 ჰა ქერი და 326 ჰექტარი შვრია. ხოლო ქერის საშუალო მოსავლიანობა 1 ჰა-ზე 1 ტონამდე იყო, ხორბლის კი – 3 ტონა (დაახლოებითი მონაცემებით).