ბაზრის ვაჭრები, რომლებიც საქართველოს შემოსავლების სამსახურის ბაზაში არ არიან რეგისტრირებული სახელმწიფოს ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში, შეძლებენ 300 ლარის ერთჯერადი დახმარების მიღებას, თუ ისინი წარადგენენ დოკუმენეტს, რომელიც დაადასტურებს, რომ აღნიშნული პირი 2020 წლის პირველ კვარტალში ნამდვილად ბაზარზე მუშაობდა.
დღეს ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სქემა, რომლის მიხედვითაც პანდემიის პირობებში შემოსავლის დაკარგვის გამო მოქალაქეების კომპენსაციას გადაუხდიან. ის პირები, რომლებიც ბაზარზე ვაჭრობით ირჩენდნენ თავს, მაგრამ არ იყვნენ რეგისტრირებული და არ იხდიდნენ გადასახადს, შეძლებენ ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარების მიღებას. მათ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე უნდა შეავსონ ელექტრონული ფორმა- www.moh.gov.ge არაუგვიანეს 1 ივლისისა. აღნიშნული ფორმა 15 მაისისათვის იქნება ხელმისაწვდომი. ფორმაში მათ უნდა აღნიშნონ:
– სახელი, გვარი, პირადი ნომერი
– საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი და ტელეფონის ნომერი)
– საბანკო რეკვიზიტები
– საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე შემოსავლის წყაროს შესახებ ინფორმაცია. ვაჭრების შემთხვევაში მსგავსი ინფორმაცია შეიძლება იყოს ბაზრის ხელმძღვანელობის მიერ გაცემული ცნობა, რომ აღნიშნული პირი 2020 წლის პირველ კვარტალში ბაზრის ტერიტორიაზე ვაჭრობდა. ბაზრის ხელძღვანელობის არარსებობის შემთხევაში, მსგავსი ცნობის გაცემა შეუძლია მუნიციპალიტეტს.
როგორ მიმდინარეობს კომპენსაციის გაცემის პროცესი ამ შემთხვევაში
მას შემდეგ, რაც მოქალაქე, რომელმაც დაკარგა სამსახური, შეავსებს განაცხადს, ორი კვირის განმავლობაში სპეციალური კომისია განიხილავს თითოეულ საქმეს და გადასცემს შესაბამის გადაწყვეტილებას დასაქმების სააგენტოს, რომელიც ასევე 10 დღის განმავლობაში კომპენსაციის გაცემაზე იზრუნებს.