გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძე დაინიშნა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ბაქრაძის დანიშვნის თაობაზე მთავრობის წარდგინებას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა, თუმცა მანამდე აცხადებდა, რომ ბაქრაძის კანდიდატურად მხარს არ უჭერდა.
“ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც კი ელჩებთან დაკავშირებით პრეზიდენტთან შევიდა, დაკმაყოფილებულია და პრეზიდენტის მხრიდან შეფერხება არ ყოფილა”, – ციტირებს მაუწყებელი პრეზიდენტის ადმინისტრაციას.
დავით ბაქრაძე 2016 წლის დეკემბრიდან იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2022 წლის აპრილში ის ამ თანამდებობაზე საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეცვალა.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩის დავით ბაქრაძის მუშაობით, რის გამოც გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე მის დანიშვნას ხელს არ აწერს.