რამდენიმე დღის წინ ახალქალაქის რაიონის სოფელ ბეჟანოში 16 ძროხა მოკვდა, 30 კი თავად სოფლის მოსახლეობამ დაკლა. მათივე თქმით, ჩატარდა შემოწმება და შესაბამისი ინექციები. სურსათის ეროვნული სააგენტოდან გვაცნობებენ, რომ დარეგისტრირებული შემთხვევები მათი კონტროლის ქვეშაა და ექსპერტებმა უკვე აიღეს მკვდარი ცხოველების ნიმუშები ლაბორატორიული გამოკვლევისთვის. წინასწარი მონაცემებით, პრობლემა ძროხების საჭმლის მომნელებელ სისტემას უკავშირდებოდა.
სოფლის მკვიდრის სარგისის თქმით, სოფელში 15-16 ძროხა მოკვდა, მათ შორის ძმისშვილის ორი ძროხა. მისი აზრით, ცხოველები შეიძლება ბალახს ან წყალს მოეკლა.
„ასეთი შემთხვევა ჩვენს სოფელში არ ყოფილა. ხალხში შიში ჯერ კიდევ არის, მაგრამ ძროხები საძოვრებზე გაჰყავთ, რადგან ინექციები გაუკეთეს. დახოცილი ძროხების ნახევარი დავმარხეთ, დარჩენილი ხორცი კი მეზობლებს გავუნაწილეთ“, – ამბობს სარგისი.
კიდევ ერთი თანასოფლელის განცხადებით, სოფლიდან 10-მდე დახოცილი ძროხა გაიყვანეს და დამარხეს, 30-მდე ძროხა თავად დაკლეს. ამ ინციდენტმა ხორცის ფასზეც იმოქმედა, რადგან ადამიანებმა იმის შიშით, რომ მათი ძროხაც მოკვდებოდა, დაიწყეს პირუტყვის მასობრივი დაკვლა, რის შედეგადაც ხორცის ფასი მკვეთრად დაეცა.
„ხალხს ეშინია და საქონელს ნაჩქარევად ყიდიან, მყიდველები კი ამ ფაქტს ფასის კიდევ უფრო დასაწევად იყენებენ. უსაფრთხოების მიზნით, სოფელში ყველა ძროხას უკვე გაუკეთეს ის წამალი, რომელიც საკუთარი სახსრებით ვიყიდეთ. წამალი დაახლოებით 4-5 ლარი ღირდა. აფთიაქებში ვეღარ იპოვით, მთელი პარტია გაყიდულია“, – აღნიშნავს სოფელ ბეჟანოს ერთ-ერთი მცხოვრები.
ანაჰიტ ქციანს ორი ძროხა ჰყავდა, ორივე მოკვდა და 4000 ლარზე მეტი ზარალი განიცადა.
„ორი ძროხა მოკვდა, ამის შემდეგ ყველა ძროხას გაუკეთეს ინექცია. არ ვიცი, რას გავაკეთებ, ძროხის ყიდვის საშუალება არ მაქვს და სოფლის მცხოვრებმა პირუტყვის გარეშე როგორ იცხოვროს?“ – აცხადებს სოფელ ბეჟანოს მკვიდრი ანაჰიტ ქციანი.
სოფლის ვეტერინარის საიათ ალექსანიანის თქმით, ბეჟანოში 400-მდე ძროხაა, პირუტყვის მასობრივი დახოცვიდან 10 დღე გავიდა, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კი 3-4 დღეა საძოვრებზეა გაყვანილი.
„არსებობს წინასწარი დიაგნოზი, რომლის მიხედვითაც ძროხები მოიწამლნენ, რაც შესაძლოა გვალვის ბრალი იყოს. დიაგნოზის შესაბამისად, ყველა ცხოველს წამალი გაუკეთეს, რის შემდეგაც ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, – განმარტავს საიათ ალექსანიანი.
JNEWS-ი ასევე დაუკავშირდა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს უფროსს, ლია ბექაურს, რომელმაც განაცხადა, რომ ძროხის ხორცის სინჯები ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია და ამ დროისთვის პირუტყვის დახოცვის ზუსტი მიზეზი უცნობია.
ახალქალაქის რაიონის სოფელ ბეჟანოში 220-მდე კომლი ცხოვრობს. აქ ხალხი ძირითადად მეცხოველეობითა და სოფლის მეურნეობით არის დაკავებული.