წლების განმავლობაში აბულის მთაზე, რომლის სიმაღლე 3300 მეტრია, სულ უფრო და უფრო მეტი ექსტრემის მოყვარული ადგილობრივები ადიოდნენ. საქართველოში პოპულარული სამთო ტურისტული მიმართულებების რუკებზე აბულის მთა არ არის მონიშნული. თუმცა 22 აგვისტოს ჯავახეთში მთაზე ასასვლელად სომხეთიდან ტურისტული კლუბი „ხატისი“ ჩამოვიდა. მათ შორის არის ჩვენი თანამოსაუბრე გაიანე, რომელმაც დიდებული აბულის მწვერვალზე ლაშქრობის შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.

აბულის მთაზე ასვლა მისი ოცნება იყო. წელს კი სომხეთში ვიზიტი “ხატისის” კლუბის ტურს დაემთხვა. მანაც ოცნების ასრულების შესაძლებლობა ხელიდან არ  გაუშვა.

„ორგანიზატორებს მოვყავართ და სომხეთში უკან გვაბრუნებენ. გაძლევენ, მაგალითად, კარვებს, ჯოხებს, მაგრამ დანარჩენი – თბილი ტანსაცმელი, კომფორტული მთის ფეხსაცმელი, საჭმელი – უკვე შენზეა, თუ მოსთხოვ, შეუძლიათ მოგცენ საძილე ტომარაც, მაგრამ მე ჩემი მქონდა. არის ტურები – ძალიან მარტივი, ტურისტული, რომლებშიც ბევრი მონაწილეობს. მაგრამ არის ტურები, როგორიცაა აბულის მთა, რომელშიც ჯგუფის მუდმივი წევრები მონაწილეობენ. ტური 29 000 დრამი (200 ლარზე მეტი) ღირდა. ჯავახეთში ჩამოსვლის მსურველი ცოტა იყო გზის სირთულის გამო. აბულის აღმართი 64%-ად ითვლება”, – ჰყვება გაიანე.

Palatki

ადგილობრივები მწვერვალზე აგვისტოში ადიან, რადგან მხოლოდ ამ პერიოდშია შესაძლებელი მთაზე ღამის გათევა. თუმცა ძირითადად ტურისტები ღამეს იქ არ ათევენ და ყკან ბრუნდებიან, როგორც ხატისელები მოიქცნენ.

„ხატისის“ ჯგუფის ხელმძღვანელის არტურ მარტიროსიანის მამა კარტოგრაფია. მან ზეპირად იცის სომხეთის ყველა მთა. არტური ადრეული ბავშვობიდან მთებითაა დაინტერსებული და ძალიან კარგად არის ორიენტირებული. როცა მთას ხედავს, უკვე იცის რომელი მხარეა უფრო საშიში ან მარტივი ასასვლელი. ჯგუფი 1981 წლიდან ფუნქციონირებს – მაშინ ლაშქრობით მამამისი იყო დაკავებული, ხოლო მერე ჯგუფი მას დარჩა: “შარშან შემოვუერთდი ჯგუფს და ორჯერ ავედი, ძალიან მომეწონა. მათთან ერთად ვიყავი გუთანასარზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე და აჟდააკზე, რომელიც თითქმის აბულს ჰგავს, მაგრამ შედარებით უფრო ადვილია იქ ასვლა“.

ადამიანისთვის, რომელიც ხშირად არ ცოცავს და ფიზიკურად არ არის მომზადებული, აბულზე ასვლა საკუთარი თავის დაძლევაა. ყველა ვერ უმკლავდება ამას.

„ჯგუფი პატარა იყო, მხოლოდ 6 ადამიანი – 2 კაცი და 4 ქალი. იყო ჯგუფის ხელმძღვანელი, ხალხი, რომელიც გამუდმებით დადის ლაშქრობაში მათთან ერთად და მე. პირველ დღეს ჩამოვედით სომხეთიდან, წავედით ვარძიაში. პირველი დღე შედარებით ტურისტული იყო. ავედით ხერთვისის ციხესიმაგრის სანახავად. შემდეგ აბულის ძირში კარვები გავშალეთ, ვჭამეთ. ძალიან სწრაფი ტემპით დადიოდნენ და ვერ ვასწრებდი, პრაქტიკულად დავრბოდი”.

Abul

პირველივე ღამეს მთამ თავისი ხასიათი გამოამჟღავნა – ტურისტებს ძლიერი ქარით დახვდა. შთაბეჭდილებები გაამძაფრა ისტორიებმა დათვებზე, რომლებიც ლაშქრობების დროს გვხვდება.

„ძლიერი ქარი იყო, კარვები კინაღამ ჩამოვარდა. შემდეგ ბიჭებმა დაიწყეს საუბარი დათვებზე, როგორ წაიყვანეს გოგონა სომხეთში, აჟდაჰაკის მთასთან და მხოლოდ მისი თმა იპოვეს. ამ ამბავმა გავლენა იქონია, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გარეთ ვიღაც დადიოდა, ყურადღებით ვუსმენდი, დათვია? დათვია, არა? ეს არის მდგომარეობა როცა ძალიან დაღლილი ხარ, მაგრამ ვერ იძინებ, ელოდები. აღმოჩნდა რომ ეს დათვები არ იყვნენ, მაგრამ გამთენიისას კარვებთან რამდენიმე მაწანწალა ძაღლი მოვიდა, ალბათ საჭმლის სუნი მიუვიდათ. დილას ადრე ჩავალაგეთ კარვები,მოვემზადეთ. ავიღეთ ზურგჩანთები, მოვიმარაგეთ დავსვით წყალი, ცოტა საჭმელი,  ტანსაცმლის გამოვიცვალეთ და ასვლა დავიწყე “.

Abul 2

ხშირად სომხეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმაც კი არ იციან, ვინ ცხოვრობს ამ დასახლებაში, თუმცა მოსახლეობის უმეტესობა სომეხია. ადგილობრივებისთვის კი, ვინც მთაზე ადის, ყველა — უცხოელია.

„სომხიდან ჩამოსულები ფიქრობენ, რომ აქ მხოლოდ ქართველები ცხოვრობენ. როცა ადგილობრივებთან რუსულად ან ქართულად ვლაპარაკობდით. ორდესაც ერთმანეთში რაღაცას სომხურად განვიხილავდით და პასუხს სომხურად ვისმენდით, გვიკვირდა. ერთი ბიჭი შეგვხვდა სატვირთო მანქანით, რუსულად შემოგვთავაზა წაყვანა. მერე თურმე აღმოჩნდა, რომ ისიც სომეხი იყო. წაგვიყვანა ისეთი გზით, რომ ერთი საათით დაგვიმოკლა გზა. ის სოფელ აბულიდან იყო. პირველი 2000-2500 მეტრი მეტ-ნაკლებად ნორმალური იყო. მაგრამ ჩვენ ყველაზე რთულ გზაზე ავედით, რათა ნაკლები დრო დაგვეხარჯა და უფრო მალე დავბრუნებულიყავით“.

Abul 3

გამოცდილი ტურისტები, რომლებსაც მთები აინტერესებთ, დამწყებებისგან განსხვავებით უფრო მარტივად ადიან. დიდ როლს თამაშობს ჯანმრთელობა და ფიზიკური მომზადება.

ბოლო 500 მეტრი ჩვენმა თანამოსაუბრემ ცოცვით აიარა.

“ავდიოდით 4 საათი 45 წუთი. უკვე ბოლო მონაკვეთზე ჯგუფის ბოლოს ვიყავი, თუმცა ახალმოსულები არ უნდა იყვნენ ბოლოში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ისინი ჯგუფის უფროსის უკან უნდა იყვნენ. მაგრამ ტემპს ვერ ავყევი და ამოვისუნთქე, თუმცა ამის უფლება არ გაქვს, რადგან დისციპლინა დისციპლინაა. არ შეიძლება მარტო დგომა და დასვენება, ჩრდილში შესვლა და ა.შ. უნდა იყო კარგ ფიზიკურ ფორმაში. ავედით ზევით, ძალიან ციოდა იქ. გაგვიხარდა რომ ბოლოს მწვერვალს მივაღწიეთ. ვჭამდით და სამახსოვროდ ვიღებდით. ზემოდან ყველაფერი ჩანდა. ცოტა დავისვენეთ და ჩამოვედით. ჩამოსვლისთვის 4 საათი და 40 წუთი დაგვჭირდა – 9 საათი დასჭირდა ყველაფერს. პრობლემა ქვებში კი არა, მაღალ ბალახში იყო. დგები და არ იცი ქვემოთ რა არის, სწორია თუ არა ზედაპირი. ეს ნაწილი იყო ყველაზე რთული “ – ჰყვება გაიანე.

ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ აბულის მწვერვალიდან თბილისი ჩანს. ერთ რამეში კი შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, ზემოდან შესანიშნავი ხედი იშლება.