გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსის, სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, საქართველოში ისევ ნარჩუნდება ცხელი და უნალექო ამინდი.
როგორც სვეტლანა ნიორაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, საქართველოში 28 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 40 გრადუსამდე მოიმატოს.
„დასავლეთ საქართველოში, 24, 25 და 26 აგვისტოს შესაძლოა, ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწიოს ცალკეულ რეგიონში. ამასთან, ძლიერ ქარს ველოდებით. აღმოსავლეთის მიმართულებით უკვე ქრის ძლიერი ქარი. ქუთაისში 26 მეტრი წამში ქარი დაფიქსირდა. 28 აგვისტომდე ვინარჩუნებთ უმეტესად უნალექო, ცხელ და ქარიან ამინდს. ქარი იქნება ძირითადად დასავლეთ საქართველოში და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე. ძლიერი ქარი მოსალოდნელი არ არის დედაქალაქში. ტემპერატურა 34-36 გრადუსის ფარგლებში იქნება. დასავლეთში უფრო მაღალ ტემპერატურას ველოდებით, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში“, – განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ბორჯომის ხეობაში უნალექო ამინდი 11 აგვისტოდან იყო. სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, ხვალ საღამოს მცირედით იწვიმებს, რომელიც მდგომარეობაზე დადებითად არ იმოქმედებს.
„გამომშრალი ნიადაგის ზედაპირი, ჰაერის მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა 32-37 გრადუსის ფარგლებში და ნებისმიერი სიჩქარის ქარი ხელს უწყობს ტყის ხანძრების გაჩენას. ბორჯომის ხეობაში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხვალ საღამოს საათებში არსებობს ალბათობა მცირე წვიმის, რომელიც მდგომარეობაზე დადებითად არ იმოქმედებს“, – განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.