შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე,რომ სამინისტროს პოლიციელები მასობრივად ტოვებენ. როგორც შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თანამშრომელთა წასვლა და ახალი თანამშრომლების მიღება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, ასევე, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია ახალი კადრების მიღების მიზნით სამინისტროს ვებგვერდზე გამოცხადებული ვაკანსიები.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებების მიერ ბოლო დღეებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებს პოლიციელები მასობრივად ტოვებენ, რასაც უკავშირდება უწყების მიერ გამოცხადებული კონკურსები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს, საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობის საპასუხოდ, არაერთხელ განუმარტავს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი უწყებაა, სადაც 40 000-მდე ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, თანამშრომელთა წასვლა და ახალი თანამშრომლების მიღება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ასევე, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია ახალი კადრების მიღების მიზნით სამინისტროს ვებგვერდზე გამოცხადებული ვაკანსიები, შესაბამისი კონკურსების ღიად და გამჭვირვალედ წარმართვა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში თბილისსა და რეგიონებში 145 სხვადასხვა ვაკანსიის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს, იგი განპირობებულია ყველა სასაზღვრო გამტარ პუნქტში მგზავრთა და ტრანსპორტის ნაკადის გაზრდით, ასევე, რეგიონებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდით.
პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში პირთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება მანამდე არსებულ რეჟიმს დაუბრუნდა და ამ ეტაპზე საგრძნობი ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა.
გარდა ამისა, გაფართოვდა ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, დამატებულია ავიამიმართულებები და მკვეთრად გაზრდილია ავიარეისების რაოდენობა. გაზრდილი ნაკადების უკეთ მართვის მიზნით, რამდენიმე სახმელეთო გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა გადაკეთდა. შესაბამისად, კვალიფიციური კადრის მოძიების მიზნით, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და სიტუაციის შეფასების შედეგად, გამუდმებით ხდება საპატრულო პოლიციის საშტატო განრიგის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში საშტატო ერთეულების გაზრდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, დაკისრებული ფუნქციებისა და საზოგადოების უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების უზრუნველყოფის, ასევე, მგზავრთა ნაკადების ეფექტიანად მართვის პრინციპით, რეგულარულად ახორციელებს და მომავალშიც განაგრძობს საშტატო განრიგის ზრდას.
აქვე გვსურს, გამოვეხმაუროთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მხრიდან სატელევიზიო ეთერში ან მედიაგამოცემებში უწყების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები არ არის იშვიათი, როდესაც საზღვარგარეთ წასული მოქალაქეები არღვევენ კანონს და უცხო ქვეყანაში ცხოვრების ლეგალური უფლების მოპოვების მიზნით, მსგავს მორალურად მიუღებელ ფორმებს მიმართავენ.
მედიასაშუალებები, ისე, რომ არ ამოწმებენ ინფორმაციას ბრალდების ადრესატ მხარესთან, დაუბალანსებელ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას აწვდიან საკუთარ მაყურებელს და მკითხველს.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ მსგავსი ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციების გავრცელება ემსახურება ქვეყანაში ნიჰილიზმის გაღვივებას, მაყურებელში პოლიციის საქმიანობის მიმართ მიზანმიმართულად ნეგატიური განწყობების შექმნას და შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციას“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში