26 წლის ლიანა მარგარიანი თბილისიდან. დაამთავრა 104-ე სომხური სკოლა, ამჟამად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის. ბოლო დროს მოულოდნელად მიიღო შეთავაზება, გამოსულიყო სომხური ტელეკომპანია “შანტის” გადაცემაში – “მსოფლიოს სომხები”, რასაც საერთოდ არ ელოდა, მაგრამ სიყვარულით დათანხმდა, მიხვდა, რომ ასეთ გადაცემაში სტუმრობა დიდი პასუხისმგებლობაა.
მან, რა თქმა უნდა, იცოდა ტელეკომპანია “შანტის” ზემოაღნიშნული გადაცემის შესახებ, მაგრამ არასდროს უფიქრია, რომ ოდესმე მისი სტუმარი იქნებოდა.
„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ყურადღებას ასე ადრე, ანუ 26 წლის ასაკში დავიმსახურებდი. ბატონმა არტიომმა რომ დამირეკა, ვიფიქრე, რომ შესაძლოა ჩემი, როგორც კოლეგის დახმარება დასჭირდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი გადაცემის სტუმარი მე უნდა ვყოფილიყავი”.
ლიანა მიხვდა, რომ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო, მაგრამ გადაღების დღემდე არც უფიქრია რა უნდა ეთქვა, ფიქრობდა რომ ყველაფერს იტყოდა რასაც გული უკარნახებდა. არტიომ იერკანიანმა გადაღებებამდე თითქმის ორი თვით ადრე დაურეკა და პირველი, რაც ლიანამ დანამდვილებით გადაწყვიტა, იყო ის, რომ გადაღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰქონოდათ, რადგან ეს ადგილი მის მშობლიურ სახლად იქცა.
„ძალიან უცნაური შეგრძნება იყო, როცა პავილიონში მე არ ვსვამდი კითხვებს და, გულწრფელად რომ ვთქვათ, მაშინ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი ამ პროგრამის მნიშვნელობას. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცოდი, იყო ის, რომ ნახავდა სომხეთში ყველა ჩემი ნაცნობი და მეგობარი და, რა თქმა უნდა, მინდოდა გამემართლებინა, რომ საქართველოდან მიმიწვიეს, როგორც მსოფლიოს სომეხი, რომელმაც მცირე წვლილი შეიტანა“.
გადაღებამ ძალიან კარგად ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ლიანამ იფიქრა, რომ შეეძლო სხვანაირად ჩამოეყალიბებინა თავისი აზრები, დაავიწყდა რაიმეს დამატება და ა.შ.
არ ელოდა, რომ გადაცემა ასეთი წარმატებული იქნებოდა.
„სოციალურ მედიაში გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში დაიწყო ძალიან სასიამოვნო კომენტარები. ყოველ საათში შევდიოდი და ვკითხულობდი რას წერდნენ. ამ წუთშიც, როცა მახსენდება, ძალიან ვღელავ. სომხები მთელი მსოფლიოდან, ჩემი ახლობლები, უბრალოდ წარმოუდგენელ სიტყვებს წერდნენ, გაოგნებული დავრჩი. დღემდე, ყოველდღე ვამოწმებ პროგრამის გვერდს, რომ ვნახო, რა ახალი კომენტარები დატოვეს“.
ლიანა ბავშვობიდან ოცნებობდა დახმარებიდა ნიჭიერ ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს.
“ჩემს ცხოვრებაში ბევრი მომენტი ყოფილა, როცა არ მამჩნევდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ არ სჯეროდათ ჩემი ძალის და ყურადღებას არ მაქცევდნენ. მე კი ყოველთვის მინდოდა შემძლებოდა გამომეჩინა ნამდვილი ნიჭი და შესაძლებლობები, ხოლო შემდეგ მეჩვენებინა ისინი”.
როგორც ამბობს, არ არსებობს დღე, როცა არ მუშაობს, ყოველთვის ფიქრობს სწავლისა და ცხოვრების გაუმჯობესების ახალ გზებზე.
სწორედ ამ რეფლექსიაში მიხვდა ლიანა, რომ ჟურნალისტი უნდა გამხდარიყო, რადგან შეძლებდ ყველასთვის ეჩვენებინა ის ადამიანები, რომლებიც უბრალოდ კი არ ცოცხლობენ, არამედ ცხოვრობენ.
სკოლის დამთავრების შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა პროგრამით – “4+1” . ჩაირიცხა უმაღლესი ქულით და მიიღო 100%-იანი გრანტი. პირველ წლებში თარჯიმნად მუშაობდა.
როგორც თავად ამბობს, საბედნიეროდ, მესამე კურსზე გაიცნო ისეთი პროფესორები, რომლებმაც მასში რაღაც ფარული ნიჭი შეამჩნიეს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება იყო პროფესორი მაია თორაძე.
„რამდენიმე კვირის შემდეგ შემომთავაზა გავმხდარიყავი გაზეთის ტექნიკური რედაქტორი და უნივერსიტეტის გაზეთის სტაჟიორი ჟურნალისტი, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ამის შემდეგ, მივიღე შემოთავაზება ბორჯომის მედიაცენტრისგან, ერთ-ერთ პროექტს გავძღოლოდი და შეიძლება ითქვას, რომ ჩემი წარმატების ისტორია აქედან დაიწყო“.
მონაწილეობა მიიღო ბევრ ღონისძიებაში, ბევრჯერ მუშაობდა თვეების განმავლობაში უფასოდ, რადგან მიხვდა, რომ ეს პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებოდა. არც ერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. ამ ყველაფერს თან ახლდა სამეცნიერო კვლევები და კონფერენციები სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მათ შორის ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მისმა კვლევამ დიდი ინტერესი გამოიწვია.
„ასე გავხდი მკვლევარი და ვიპოვე ჩემი მიმართულება: ფეიკ ამბები, დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ქართულ-სომხური ურთიერთობა და სხვა. ეს მოგვიანებით გახდა ჩემი დისერტაციის საგანი. უკვე მეოთხე კურსზე დამირეკეს საქართველოს პირველი არხიდან და შემომთავაზეს დასაქმება სომხურენოვან განყოფილებაში. დავთანხმდი, თუმცა იყო ეჭვები. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ამას შევძლებდი, მაგრამ ისევ შრომისმოყვარეობისა და დიდი სურვილის წყალობით ყველაფერი გამომივიდა”.
ტელეკომპანიის მაშინდელმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ლიანა შენიშნა და გადაცემა „დილა მშვიდობის“ წამყვანის ქართულ ფილიალში გადასვლა შესთავაზა.
”ჩემთვის ეს იყო დიდი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, იყო შიში, თუმცა ყველაფერი რაღაც ინერციით მიიწევდა წინ.”
პარალელურად ლიანამ სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის მედიაფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მაგისტრის ხარისხით. წარჩინებით დაასრულა მაგისტრატურაც და მიხვდა, რომ უმაღლესი განათლების ბოლო საფეხურიც უნდა დაემთავრებინა და ასპირანტის წოდებაც მიიღო. ამჟამად არის თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი და აქტიურად მუშაობს დისერტაციაზე, რომელიც გახდება მისი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური სამეცნიერო ნაშრომი. ამის შემდეგ, შესთავაზეს გამხდარიყო უნივერსიტეტის მულტიმედიური ცენტრის მთავარი სპეციალისტი.
„ალბათ ეს იყო ის მომენტი, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდებოდი, რათა მემუშავა საინტერესო ახალგაზრდებთან, მესწავლა და მესწავლებინა. ვფიქრობ, ეს არის უკვდავების საიდუმლო, როცა რასაც ასწავლი, შენი ნაწილი სამუდამოდ რჩება სხვა ადამიანის გონებაში და ის, თავის მხრივ, ამ ცოდნას სხვას გადასცემს. ასე იქმნება ციკლი, წრე, რომლის არსებობითაც სამუდამოდ ცხოვრობ. ”
ლიანამ უნივერსიტეტში ოქროს მედალი მიიღო. ახლა ის შეხვედრებს მართავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, რომლებიც სკოლაში სწავლობენ. მათთვის შექმნა სპეციალური კურსები ფეიკ ამბების იდენტიფიკაციისა და ზოგადი ჟურნალისტიკის შესახებ.
ლიანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახელმწიფო ენის ცოდნას, რაც აუცილებელია ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.
„ქართული ენის ცოდნა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფერში. მხოლოდ ამ გზით შეგიძლიათ სრული ინტეგრაცია ქვეყანაში, სადაც ცხოვრობთ, რომელიც არის თქვენი სამშობლო. ყველა წარმატება და შესაძლებლობა აქედან მოდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სომხური ენა ან ერი უნდა დაივიწყო“.
ლიანას აღზრდის საქმეში მისმა ოჯახმა დიდი როლი ითამაშა.
„ოჯახის წევრები ყველა ადამიანის ცხოვრებაში თამაშობენ კარგ თუ ცუდ როლს, მე გამიმართლა, რომ ჩემზე დადებითად მოქმედებდნენ. ყოველთვის მქონდა შესაძლებლობა გამეკეთებინა ის, რაც სწორად მიმაჩნდა, მშობელმა უნდა მისცეს შვილს საკუთარი გზის პოვნის შესაძლებლობა”.