ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე დონორობა შემცირდა, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ქრონიკული დაავადებების გამკლავებაზე, რომლებსაც სისხლის რეგულარული გადასხმა ესაჭიროებათ. ჯანდაცვის სამინისტრომ სისხლის ჩაბარების აქცია დაიწყო და შეძლების დაგვარად ყველას მოუწოდა მონაწილეობისაკენ. სისხლის ჩაბარების ორგანიზატორი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დღეს «ქართული ოცნების» პარტია იყო.
დღეს, 23 აპრილს ახალქალაქსა და ნინოწმინდაში თბილისის ერთ-ერთი ლაბორატორიის თანამშრომლები ჩამოვიდნენ, რათა სისხლი აეღოთ იმათგან, ვისაც სურვილი ჰქონდა ავადმყოფებისათვის დონორი ყოფილიყო. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი «ქართული ოცნების» შტაბი იყო. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით მუშაობდნენ.
«ჩვენ ორი დღის წინ გვითხრეს ამ აქციის შესახებ, ვუთხარით ჩვენს ახლობლებს, ნაცნობებს. სისხლის ჩასაბარებლად მოვიდნენ არა მარტო მუნიციპალური ორგანიზაციების თანამშრომლები, არამედ მეწარმეები და სხვა ორგანიზაციების მუშაკები, რომლებმაც შეიტყვეს და დასახმარება მოისურვეს. ჩვენ 30 ადამიანს ველოდით»,- თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივი პარტიის «ქართული ოცნების» ხელმძღვანელმა, ნაირი ირიციანმა.
დილით სისხლის ჩაბარების პროცესი ნინოწმინდაში დაიწყო, ხოლო დღის მეორე ნახევარში ახალქალაქში, «ქართული ოცნების» შტაბში გაგრძელდა.
დონორი შეიძლება იყოს 18-დან 60 წლამდე ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი. სისხლის ჩაბარება არ შეუძლიათ მათ, ვისაც აქვთ ინფექციური დაავადებები, შიდსი, სიფილისი, ჰეპატიტის ვირუსები, ბრუცელოზი, პარაზიტარული დაავადებები და სისხლის დაავადებები. სისხლის ჩაბარების მსურველებს უმოწმებენ წნევას და სისხლის სინჯს უღებენ, დონორი ავსებს კითხვარს, ხელს აწერს და ამის შემდეგ, თუ ყველაფერი რიგზეა, ნებას რთავენ სისხლი ჩააბაროს.
სისხლს 250 მგ-დან 420 მგ-მდე იღებენ, ეს ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია, დამოკიდებულია წონაზე და ადამიანის მდგომარეობის სხვა მონაცემებზე.
სისხლის ჩაბარების მსურველები ამბობენ, რომ ისინი ამას აკეთებენ, რათა სხვას სიცოცხლე გადაურჩინონ. სისხლის ჩაბარების შემდეგ დონორებს შოკოლადითა და ნატურალური წვენით უმასპინძლდებიან.
საქართველოში სისხლის გადასხმა ესაჭიროება დაახლოებით 20 ათას ადამიანს. ამასთანავე წელიწადში დაახლოებით ასი ათასი დონაცია ფიქსირდება.
2011 წლიდან ქვეყანაში ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა სახელად «უსაფრთხო სისხლი». დღესდღეობით ამ პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით 13 სისხლის ბანკი ღებულობს მონაწილეობას.