დღეს, 23 აპრილს ყველა სპეციალისტმა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების უფლებამოსილმა პირებმა ტრანსპორტზე გადაადგილების სპეციალური საშვი მიიღეს, რათა სოფლის მოსახლეობას დაეხმარონ, როგორც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ასევე პროდუქტების შეძენის საკითხში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეუძლია მიმართოს სპეციალისტს ან საკუთარი სოფლის უფლებამოსილ პირს, თუ არის ქალაქთან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროება ან პროდუქტების შეძენის საკითხი. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თქმით, ყველა სოფელი უზრუნველყოფილია მორიგე მანქანებით, ასევე არიან ადამიანები, რომლებსაც საერთო აკრძალვის პირობებში გადაადგილების უფლება აქვთ.
«იმ შემთხვევაში თუ სოფლის მცხოვრებს ესაჭიროება საავადმყოფოში ან აფთიაქში მისვლა, თუ ვინმეს რამე მოუვიდა, შეუძლია საკუთარი სოფლის სპეციალისტს ან უფლებამოსილ პირს მიმართოს, და ის უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას ან საჭიროებას. პროდუქტების შეძენის შემთხევაში, მოსახლეობამ ისევ უნდა მიმართოს უფლებამოსილ პირს, ის რამდენიმე მაცხოვრებლის «შეკვეთას» აიღებს და დღეში ერთხელ, ან რამდენიმეჯერ პროდუქტების საყიდლად წავა, საჭიროების მიხედვით»,-თქვა არმენ მარანგოზიანმა.
მისი თქმით, ზოგიერთმა უფლებამოსილმა პირმა უკვე დაიწყო ამ საქმის შესრულება და პროდუქტების შეძენით სოფლის მოსახლეობის დახმარება.
აღსანიშნავია, რომ 27 აპრილამდე მთელ საქართველოში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა მოქმედებს. გამონაკლისში შედიან მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლები, რომლებსაც საშვი აქვთ, ასევე ყველა ფერმერი, თუ ისინი გადაადგილდებიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის, თუმცა მათ გადაადგილება შეუძლიათ დროის გარკვეულ მონაკვეთში: მხოლოდ დილის 06:00-დან 08:00 საათამდე და საღამოს 18:00-დან 19:00 საათამდე.