დღეს, 2 აგვისტოს, ახალქალაქოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოში საბანკეტო დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა. ამ ღონიაძიებას ხულგუმოელები დიდი ხანია ელოდნენ.
დარბაზი თანამედროვე სტანდარტებით გარემონტდა. საბანკეტო დარბაზის მთავარ კედელზე სოფელ ხულგუმოს სიმბოლო – “თუმასის ხიდია“ გამოსახული.
სედა გიგოლიანმა ღონისძიება შემდეგი სიტყვებით გახსნა: „დაე, სოფლის სიმბოლო ე.წ თუმასის ხიდი გზაჯვარედინად იქცეს, გახდეს სიყვარულისა და ერთიანობის ძლიერი ხიდი და ამ დარბაზიდან მუდამ მხიარული ზეიმის ხმები გავიდეს“.
შემდეგ ცეკვის ანსამბლმა „ჯავახკმა“ საცეკვაო ნომრები შეასრულა, წითელი ლენტის გაჭრის საპატიო ცერემონიალი კი უფროს და უმცროს თუმას ჩივჩიანებს გადაეცათ. შემდეგ კი სტუმრებს გაუმასპინძლდნენ.
სოფლის კეთილდღეობისთვის, სარიტუალო სახლის სარემონტო სამუშაოები სამმა ხულგუმოელმა ახალგაზრდამ – არმან მანუკიანმა, ატურ გიგოლიანმა და პეტროს ჩივჩიანმა უსასყიდლოდ განახორციელა.
„შეგროვებული შემოწირულობებით შევაკეთეთ, საზღვარგარეთ და სოფელში მცხოვრები ხულგუმოელები დაგვეხმარნენ. სამუშაოები ხულგუმოელებმა შეასრულეს. ამ ყველაფრის რეალიზება ხელოსნებმა სიმბოლურ თანხად მოახდინეს“, – ამის შესახებ Jnews-ს სოფელ ხულგუმოში მერის წარმომადგენელმა მოვსეს გიგოლიან უთხრა.
ხულგუმოს საბანკეტო დარბაზი ოთხი ათეული წლის წინ აშენდა და მსუბუქი რემონტი რამდენჯერმე ჩაუტარდა, თუმცა ძირფესვიანად არ გარემონტებულა.
„უკვე 3 წელია მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, პირველივე წელს შევცვალეთ სახურავი, 2 წელიწადში დავასრულეთ შიდა სამუშაოები, ჩვენი ახალგაზრდების და სოფლის უფროსის უშუალო დახმარებით მოვახერხეთ სამუშაოების ჩატარება და ასეთი შედეგის მიღება“, — განაცხადა Jnews-თან ინტერვიუში პეტროს ჩივჩიანმა.
ვინაიდან კორონავირუსის გამო მასობრივი ღონისძიებები არ იყო დაშვებული, ხულგუმოს მოსახლეობამ შეზღუდვების დროს შიდა რემონტის ჩატარების შესაძლებლობით ისარგებლა.
„ამ ყველაფერს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, აუცილებლად გვექნება ქორწილები სოფელში, პირადად ჩემს ქორწილს სოფელში გადავიხდით“, – ამბობს ხულგუმოში მცხოვრები ახალგაზრდა მოვსესი.
„სოფელში დიდი ხანია საინტერესო მოვლენა არ მომხდარა, ეს ჩვენთვის დიდი წინსვლაა, ამ დღეს დიდი ხანია ველოდით, ადრე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო ჩვენი საქორწილო დარბაზი. ძალიან მინდოდა, რომ გაერემონტებინათ“, – ამბობს სონა თოფალიანი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სამველ მანუკიანი, სასულიერო პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, ხულგუმოს მცხოვრებლები და სხვები.