17 წლის გორ აივაზიანი მოჭიდავეა. ასაკის მიუხედავად ის ჯერ საქართველოს, შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
რამდენიმე დღის წინ მოჭიდავე გორ აივაზიანი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 17 წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, კითხვებს მოკლედ პასუხობს, სიმშვიდით ავსებს გარემოს.
გორი დაიბადა და გაიზარდა სომხეთში, მაგრამ შეჯიბრებებში საქართველოს სახელით გამოდის, რადგან ის საქართველოს მოქალაქეა. მისი ფესვები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახიდანაა.
„ექვსი წლის ვიყავი, როცა მშობლებმა ჭიდაობაზე წამიყვანეს და ნაბიჯ-ნაბიჯ, წინსვლით, მსოფლიო ჩემპიონი გავხდი“, – ამბობს გორ აივაზიანი.
ჭიდაობა გორის არჩევანი იყო, მისი ოცნება იყო მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყო.
„ბავშვობიდან მიყვარდა ჭიდაობა, ყველაფერი ჩემი სურვილის მიხედვით ხდებოდა. ძალიან გამიჭირდა ეს 12 წელი, სიმართლე გითხრათ, ყველაფერს ცრემლებით მივაღწიე, მაგრამ არ ყოფილა დღე, რომ არ მემუშავა და წამითაც არ მეფიქრა სპორტის მიტოვებაზე. სპორტში ყველაზე მთავარი სულიერი მდგომარეობაა. შესაძლოა ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ მორალურად – ძალიან სუსტი და შენზე 10-ჯერ სუსტმა მეტოქემ დაგამარცხოს“, – ამბობს მსოფლიო ჩემპიონი.
გორის მამა, გუსიკ აივაზიანი ამბობს, რომ ჭიდაობა ძლიერი მამაკაცური სპორტია.
“მან ჭიდაობა 6 წლის ასაკში შეიყვარა და დარჩა. მე ცურვაზეც წავიყვანე, მაგრამ მან შეწყვიტა ცურვაზე სიარული. შემიძლია გითხრათ, რომ ჭიდაობას შეუყვარდა და მასაც შეუყვარდა ჭიდაობა”.
ფოტოზე: ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონი მამასთან ერთად გუსიკ აივაზიანი
სპორტი გორს თავდაჯერებულობას ჰმატებს, მიუხედავად დამარცხებებისა.
„შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე კინაღამ მოვიგე, მეტოქე უზბეკი იყო, თუ სწორად მახსოვს, 5:0 მოვიგე, მაგრამ ტექნიკური შეცდომის გამო დავმარცხდი. მაგრამ, ჩემი შეცდომის გაცნობიერებით, ერთი წლის შემდეგ გავხდი მსოფლიო ჩემპიონი უზარმაზარი თავდაჯერებულობისა და გამძლეობის წყალობით, ”- ამბობს გორი.
დღეში 4-5 საათი მაინც ვარჯიშობს, დიდი ხანი ელოდებოდა და ემზადება ამ გამარჯვებისთვის.
შარშან, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა. უკვე ხუთი წელია, რაც საქართველოს წარმოადგენს, ყოველთვის ჩამოდის საქართველოში ნაკრების ვარჯიშების დროს. სომხეთში აზატ ამოიანთან და საქართველოში ვაჟა ბოწაშვილთან ვარჯიშობს.
მას სურს ჭიდაობაში მალხას ამოიანს დაემსგავსოს, მასთან ერთად ვარჯიშობს და მუდმივად მისგან სწავლობს.
„მნიშვნელოვანია გამარჯვების შემდეგ იყო მოკრძალებული და არ იყო ქედმაღალი, ვაფასებ ადამიანებში გულწრფელობას, არ მიყვარს ყალბი ურთიერთობა. ტყუილი და ღალატი ჩემთვის აუტანელია”, – ამბობს სპორტსმენი.
ყველა გამარჯვების შემდეგ, ყოველთვის პირველ რიგში მშობლიურ სოფელ კარწახში ჩადის. სოფლის მოსახლეობა განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და სიამაყით ხვდება გორ აივაზიანს.
„შარშან, როცა საქართველოს ჩემპიონატი მოვიგე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სოფელში ჩამოვიდოდი და ამდენი ხალხი ხელგაშლილი დამხვდებოდა. მხიარულობა იყო, საკუთარი თავისგან დამოუკიდებლად ფიქრობ, ყოველთვის გამარჯვებაზე ფიქრობ, რათა გაახარო ისინი, ეს გამარჯვება მხოლოდ შენთვის კი არა, ყველასთვის არის”.
გორი მშობლებთან და ბიძის ოჯახთან ერთად
გუსიკ აივაზიანი იცინის და ამბობს:
„ახალქალაქში წავედი ხორცის საყიდლად, გამყიდველმა რომ გაიგო კარწახელი ვარ, მითხრა: 17 წლის ბიჭი თქვენი სოფლიდან გახდა მსოფლიო ჩემპიონი, მე ვუთხარი, რომ ვიცი, ჩემი შვილია. გამყიდველმა რამდენჯერმე დამისვა იგივე კითხვა, მაგრამ მას ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ჩემპიონის მამა ვიყავი.”
მსოფლიოს ჩემპიონს უყვარს მარტო სიარული, როცა მოწყენილია, ხოლოდ როცა გაბრაზებული – მუსიკას უსმენს.
”ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, არ ვმალავ ჩემს გრძნობებს, გულწრფელი ვარ”, – ამბობს გორი.
სპორტის პარალელურად გორ აივაზიანი სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის კოლეჯში სწავლობს, სპორტის გარდა, სურს სპეციალიზაცია მარკეტინგის მიმართულებით.