„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) კვლევის მიხედვით, 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და იანვარ-ივნისში 247 ათასი ვიზიტორი შემოვიდა.
თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მაინც 3-ჯერ ნაკლებია. TI-ს თქმით, 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 15.2% იყო, რაც 2018-2019 წლების მაჩვენებელს ჩამორჩებოდა.
კვლევის ავტორების განცხადებით, „კოვიდ 19-ის“ პანდემიამდე, შემოსავლების მხრივ საქართველო რუსეთზე ყველაზე მეტად ტურიზმით იყო დამოკიდებული. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში რუსეთიდან 1.5 მლნ-მდე რუსი ვიზიტორი შემოვიდა, რის შედეგადაც საქართველომ დაახლოებით 776 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
TI-ის თქმით, პანდემიის გამო, 2020-2021 წლებში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 85%-ით შემცირდა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2021 წელს რუსეთიდან 213 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რომლებმაც ქვეყანაში დაახლოებით 152 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს.
„2022 წელი რუსეთიდან ვიზიტორების ზრდით დაიწყო. მიმდინარე წლის მარტიდან საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების სრულად მოხსნის და რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი გაიზარდა. იანვარ-ივნისში რუსეთიდან 247 ათასი ვიზიტორი შემოვიდა.
თუმცა, 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, 2022 წლის ანალოგიურ თვეებში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 2.8-ჯერ ნაკლები იყო. ვინაიდან 2020-2021 წლებში პანდემიის გამო ტურიზმი ძალიან შემცირებული იყო, მიმდინარე წელს ტურიზმის ზრდის ტემპის შეფასებისთვის უფრო ადეკვატური 2019 წელთან შედარებაა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
კვლევის ავტორების განცხადებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 15.2% იყო, რაც 2020-2021 წლების მაჩვენებელს აღემატება, მაგრამ 2018-2019 წლების მაჩვენებელზე ნაკლებია.
TI-ში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში რუსი ვიზიტორებისგან საქართველომ 219 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებელზე 2-ჯერ ნაკლებია.
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, საქართველოში შემოსული ვიზიტორებისგან მიღებულ მთლიან შემოსავალში რუსი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლის წილი 2022 წლის 6 თვეში 19.1% იყო. 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 30% იყო.
კვლევაში აღნიშული არ არის, რუსეთიდან შემოსული 247 ათასი ვიზიტორიდან რამდენი დარჩა ქვეყანაში და რამდენი გავიდა.