დღეს, 1-ელ აგვისტოს, ახალქალაქის კულტურულ-საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ ცენტრში ბანაკი „ჯავახკი“ საზეიმოდ გაიხსნა. ბანაკი 10 წლის წინ დაარსდა. საზაფხულო არდადეგების ექვს დღეს ახალქალაქის დაახლოებით 150 ბავშვი სიმღერებით, ცეკვებით, სხვადასხვა თამაშებით და ხალისიანი განწყობით გაატარებს, რომელსაც ლიდერები, ამერიკიდან ჩამოსული სომეხი ახალგაზრდები უზრუნველყოფენ.
ბანაკის გახსნის ცერემონია ლოცვა „მამაო ჩვენოთი“ დაიწყო, რომელიც დამსწრეებმა მამა ნარეკ ტიგრანიანის ხელმძღვანელობით წაიკითხეს. სასულიერო პირმა დალოცა ბანაკის საქმიანობა. მონაწილეებს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი კარინე თადევოსიანი მიესალმა, შემდეგ, სომხეთისა და საქართველოს ჰიმნების თანხლებით ბანაკმა „ჯავახკმა“ დაიწყო საქმიანობა.
ბანაკი “ჯავახკი” “სომხების მხარდაჭერის კავშირის” პროგრამაა, რომელიც ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროდან ახალგაზრდების ინიციატივითა და უშუალო ორგანიზებით ხორციელდება. პროგრამა, როგორც ყოველ წელს, წელსაც სამცხე-ჯავახეთის 4 რეგიონში ტარდება. ბანაკი დღეს ახალქალაქსა და ახალციხეში დაიწყო, მეორე ეტაპზე კი ნინოწმინდასა და წალკის სოფელ დარაში მოეწყობა.
„ჯგუფების ლიდერები გუშინ, 31 ივლისს ჩამოვიდნენ, ისინი 13-ნი არიან. გარდა ბანაკის გამართვისა, მათ აქვთ მიზანი გაეცნონ ჯავახეთს და თან წაიღონ ფოტოები, ისტორიები, აღწერილობები. ასევე მოაწყობენ ექსკურსიებს“, – ამბობს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი კარინე თადევოსიანი.
ლოდერი ანი ხაჩატურიანი ბოსტონიდან, 2012 წლიდან ყოველწლიურად ჩამოდის ჯავახეთში ბანაკში მონაწილეობისთვის.
„ახალქალაქში 6 ჯგუფის ლიდერი გვყავს, ბევრი სამუშაო იქნება, მაგრამ გაგვიმართლა, რომ გვყავს თანაშემწეები ჯავახეთიდან, 2012 წელს ბანაკი “ჯავახკი” იყო მიზანი, ახლა უკვე მე-10 წელია. უკვე მეცხრედ ჩამოვედი და ბანაკში ვმონაწილეობ. სამწუხაროდ, კორონავირუსის გამო 2 წელი ჩაგვივარდა. ჩვენი მიზანია, ამერიკიდან და ჯავახეთიდან მეგობრებმა გაიცნონ ერთმანეთი, დაუკავშირდნენ ერთმანეთს, რომ იგრძნონ, რომ აქ ვართ და ერთი ოჯახი ვართ“, – თქვა ანი ხაჩატურიანმა.
ბანაკი 6 დღეში, 6 აგვისტოს დაიხურება.