ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს – ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ბრალდებულის სახლიდან, სარეალიზაციოდ განკუთვნილი, 9 658 ლარის ღირებულების 2 195 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“საგამოძიებო სამსახური აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს.
მიმდინარე წლის განმავლობაში, უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე 174 პირი ამხილეს. მხილებულ პირთაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 403 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება დაახლოებით, 2 000 000 ლარს შეადგენს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.