ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, ერთი კვირის განმავლობაში მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი სირანუშ ტონაკანიანი მიიჩნევს, რომ ეს შედეგი განპირობებულია ჩატარებული ტესტების სიმცირით და, რომ რეალურად რეგიონში კორონავირუსი საკმაოდ გავრცელებულია.
„ვიცი, რომ დაავადება ახლა გავრცელებულია, მაგრამ ადამიანები არ იკეთებენ ტესტირებას, რადგან სიმპტომები არ არის მძიმე. ყველაზე ხშირად ეს არის სიცხე, რომელიც შესაძლოა მხოლოდ ერთ დღეს გაგრძელდეს, ასევე არის ყელის ტკივილი და ხმის დაკარგვა. ძირითადად, ვირუსი უკვე ადვილად გადასატანია, ამიტომ ხალხი არ მოგვმართავს“, – განაცხადა სირანუშ ტონაკანიანმა.
მისი თქმით, ტესტების რაოდენობა შემცირდა, რადგან მასწავლებლებსა და აღმზრდელებს არდადეგები აქვთ და ტესტს რეგულარულად არ იტარებენ. თუმცა, ახალქალაქის მე-2 საბავშვო ბაღის თანამშრომლები, რომლებიც მორიგეობით მუშაობენ, ასევე ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები გამოკვლევების ჩატარებას ყოველ 14 დღეში ერთხელ განაგრძობენ. სირანუშ ტონაკანიანის თქმით, დღეში საშუალოდ 3-4 ტესტი კეთდება, თუმცა გუშინ, 26 ივლისს, საბავშვო ბაღისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებს 40-მდე ტესტი ჩაუტარდათ.