მასობრივი მოწამვლის შემდეგ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაგიალის მოსახლეობა წყალს მხოლოდ ადუღების შემდეგ სვამს ან მეზობელი სოფლიდან ეზიდებიან.

63 წლის ლევონ დალიბალტიანს ყოველდღიურად უწევს 2 კმ გზის გავლა და მეზობელ სოფელ პატარა არაქალიდან სასმელი წყლის მოტანა.

„სახელმწიფო კონტროლი უნდა იყოს, თუ იქნება, საქმე წინ წავა, ითქვა, რომ მილები შეიცვლებოდა, მაგრამ სად, ამბობენ, ტენდერი უნდა იყოს, მაგრამ როდემდე უნდა დარჩეს ხალხი უწყლოდ?”, – ამბობს იგი.

 

jur

თითქმის ერთი თვის წინ სოფელში არ იყო ოჯახი, სადაც მოწამვლის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

როგორც სოფლის მედდა კარინე თაზარიანი ამბობს, 31 წელია მუშაობს და პირველად შეესწრო მსგავს შემთხვევას.

„არტური (სოფლის მკვიდრი) ვიფიქრე, რომ სოკოთი მოიწამლა, არავის მოსვლია აზრად, რომ ეს წყლის გამო იყო. მერე მეორე ავადმყოფმა გამომიძახა, ორსული იყო, გულისრევა, ღებინება, სისუსტე ჰქონდა, გარგარის ბრალი გვეგონა, ამიტომ ჩავრთეთ სისტემა. მერე ჩვენი მეზობელი და ასე, ნელ-ნელა მასობრივი ხასიათი მიიღო. ხალხი თავს სუსტად გრძნობდა, ყველას ერთნაირი სიმპტომები ჰქონდა. საშინელი მდგომარეობა იყო“, – ამბობს ექთანი.

როგორც ის აღნიშნავს, დადიოდა კარდაკარ, ნახევარი საავადმყოფოში გაგზავნა და ნახევარს კი სახლში სისტემები დაუნიშნა. ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში 400 კაციანი სია იყო წარმოდგენილი, თუმცა, მას შემდეგ ახალი შემთხვევებიც გამოვლინდა, ხოლო სოფელ დიდ არაგიალში სულ 600-მდე მცხოვრებია.

ფაქტია, რომ მეზობელი სოფელის, მცირე არაგიალის საკანალიზაციო წყლები მდინარეს ერწყმის, სადაც დიდი არაგიალის წყლის მილები გადის. არაგიალის მცხოვრებლები ასევე აღნიშნავენ, რომ ამ პერიოდში მინდვრები პესტიციდებით იყო დამუშავებული, რის შემდეგაც სოფელში ძლიერმა სეტყვა და წვიმა იყო. როგორც მოსახლეობა ამბობს, წყალმა ყველა შხამი მდინარეში ჩარეცხა, ხოლო იქიდან გახვრეტილ მილებში ჩაედინა.

aghbyur

„სასმელი წყალი პირდაპირ მთის ქვემოდან შემოგვაქვს და ამ აუზის წყალს ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ. რადგან პირდაპირ მიწისქვეშეთიდან მოედინება მგონი სუფთა იქნება. პატარა არაგიალის კანალიზაცია მდინარეში ჩადის და ჩვენი მილი, რომელიც მდინარეზე გადის, 400 მეტრია და უკვე გაცვეთილია, საცერად არის გადაქცეული, გამოსაცვლელია“, – ამბობს სოფელ დიდი არაგიალის მცხოვრები ჰარუთუნ იეგოიანი.

ახლა მისი შვილიშვილები ეხმარებიან წყლის მოზიდვაში, მაგრამ ბაბუა წუხს: დღესასწაული მალე დასრულდება, შვილიშვილები სომხეთში დაბრუნდებიან, ვინ მოზიდავს წყალს?

„ახლა გვეუბნებიან, აადუღეთ წყალი და მერე დალიეთ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ბუნებრივი აირის გადასახადს ვერ იხდიან, ვერ ადუღებენ წყალს. რა უნდა გააკეთონ 4-5 შვილიანმა ოჯახებმა?“ – ამატებს ბაბუა ჰარუთიუნი.

მიუხედავად იმისა, რომ ონკანის წყალი არ არის ამღვრეული, ის მაინც გამოუსადეგარია.

„ამ წყალს ახლა არ ვხმარობთ, სხვადასხვა ადგილიდან მოგვაქვს, ვისაც შეუძლია სოფლიდან, ხოლო ვისაც მანქანა არ ჰყავს, ძალიან უჭირს“, – ამბობს კარინე თაზარიანი.

ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ტიგრან ეგოიანი კომენტარს აკეთებს: „კვლევის შედეგები ცნობილია, წყლის სასმელად გამოყენება არ არის რეკომენდებული. ის დაბინძურებული იყო. მისი გამოყენება შესაძლებელია სახლში, რეცხვისთვის ან სხვა მიზნებისთვის. შეგიძლიათ დალიოთ მხოლოდ ადუღების შემდეგ.

სოფელ დიდი არაგიალის სპეციალისტი ამბობს, რომ მათ სოფელში წყალი ყოველთვის იდეალურად სუფთა იყო.

„ახლა ადუღებულ წყალს ვიყენებთ, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივ, აგრძელებენ მის სმას, როგორც ადრე. გავარკვიეთ, რომ წყალსადენის ნაწილი დაზიანდა, ამ ნაწილის გამოცვლაზე უკვე გამოვაცხადეთ ელექტრონული კონკურსი მილების გამოცვლის მიზნით“, – თქვა სოფლის სპეციალისტმა არმან აღჯოიანმა.

მოსახლეობას არ აქვს იმედი, რომ უახლოეს მომავალში ახალი წყალსადენი მილი და უსაფრთხო სასმელი წყალი ექნებათ. ამბობენ, რომ მათი ორგანიზმი უკვე შეეგუა მიკრობებს.

ასევე წაიკითხეთ ამ თემაზე: დიდ არაგიალში მასობრივი მოწამვლა დაფიქსირდა