აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დაგნანმა განაცხადა, რომ შოკირებულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, კარლ ჰარცელისადმი მიმართული კომენტარებით, რომელმაც დაასრულა თავისი მისია საქართველოში. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ჰარცელმა მხოლოდ ნეგატიური როლი ითამაშა თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობაში.

„შოკირებული ვიყავი ელჩ ჰარცელის შესახებ ამ კომენტარების მოსმენით. ეს არის უპატივცემულობა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ასე დაუღალავად მუშაობდა ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ძნელი წარმოსადგენია ვინმე, ვინც აქ ყოფნის დროს მეტი გააკეთა საქართველოს ევროპულ გზაზე დასახმარებლად. მე სრულად ვუჭერ მხარს იმას, თუ რამდენად გულწრფელად ცდილობდა იგი საქართველოს დახმარებას. ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და აღიაროს ელჩის მიერ ჩატარებული ძალიან კარგი სამუშაო. მან ქართველ ხალხს დიდი გზავნილი დაუტოვა და გაუზიარა, თუ როგორ სიამოვნებდა საქართველოში ყოფნა“, – განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც კარლ ჰარცელმა თბილისში დიპლომატიური მისია დაასრულა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დიპლომატმა „მხოლოდ ნეგატიური როლი ითამაშა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში“. მმართველი პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ, ევროკავშირის ელჩი დაადანაშაულა იმაში, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ვერ გახდა და განაცხადა, რომ კარლ ჰარცელს „სამუშაოს უკეთესად შესრულება შეეძლო“.