Coca-Cola, განათლების ხელშეწყობის მიზნით, ახალ, გლობალურ პროექტს იწყებს. საერთაშორისო კომპანიის გადაწყვეტილებით, Coca-Cola-ს აკადემია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაარსდება, რომელიც სტუდენტებს ყველაზე აქტუალურ და მოთხოვნად პროფესიებში გადაამზადებს.
გლობალური ქსელის წამოწყებას საწყის ეტაპზევე უერთდება „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაც”. ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ აკადემიის სტუდენტებს ყველაზე წარმატებული ბიზნესმენები, ეკონომისტები, პოლიტიკოსები, მსახიობები თუ სპორტსმენები გადაამზადებენ; სწავლება კი სრულად ონლაინ იქნება.
„ძალიან საინტერესო პროექტი დაიწყო გლობალურმა “კოკა-კოლამ” – აყალიბებს აკადემიას, რომლის საექსპერიმენტო ნაწილში ვართ ჩვენც. აკადემია არ იქნება მარტო საქართველოში, არამედ იქნება რეგიონში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ეს უნდა მოედოს მთელ მსოფლიოს. სერიოზული ფინანსები იქნება ამაზე გამოყოფილი გლობალური “კოკა-კოლისგან” და ცხადია, ამ პროცესში ჩვენი თანამონაწილეობაც იქნება.
მიზანი ის არის, რომ ამ აკადემიაში სწავლება წაიყვანონ ყველაზე ცნობილმა მეცნიერებმა, პოლიტიკოსებმა, ეკონომისტებმა, მსახიობებმა იმისთვის, რომ ჩართულმა სტუდენტებმა მიიღონ ის უნარები და განათლება, რაც დღეს მოთხოვნადია”, – აცხადებს ჭყონია.
იდეის ხორცშესხმისთვის კომპანია ადგილობრივ ბაზარზე აკადემიის რექტორს ეძებს. პირობების მიხედვით, მან ქვეყნის მასშტაბით არსებულ უნივერსიტეტებთან კომუნიკაცია უნდა დაამყაროს, მათ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამისი სასწავლო პროგრამები შექმნას და სექტემბრისთვის საპილოტე პროექტში სტუდენტების ჩართვა უზრუნველყოს. ჯერჯერობით, უცნობია, წლიურად რამდენ მსურსველს გადაამზადებს აკადემია და რამდენ ხნიანი იქნება სასწავლო კურსები.
“კოკა-კოლას” აკადემიის რექტორის მსურველებმა საკუთარი CV და სამოტივაციო წერილი კომპანიის ოფიციალურ მეილზე – info@ccbg.ge უნდა გაგზავნონ.