საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 79 -მდე გაიზარდა. ასეთ მონაცემებს აქვეყნებს დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი სამთავრობო საიტი StopCoV.ge.

დღეს საავადმყოფოდან კიდევ 3 ადამიანი გაეწერა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებულების სრულად გამოჯანმრთელება შესაძლებელია 20 დღის განმავლობაში. საავადმყოფოდან პაციენტები მას შემდეგ ეწერებიან, რაც 24 საათის შუალედში ჩატარებული ორი ტესტირების შედეგად უარყოფითი პასუხი დაუდგინდებათ. გაწერის შემდეგ პაციენტი ვალდებულია 2 კვირა თვითიზოლაციის რეჟიმში გაატაროს.

26 თებერვლიდან დღემდე, კორონავირუსი საქართველოში 370 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 3 პაციენტი, რომელთა ასაკი იყო 86, 81 და 76 წელი, გარდაიცვალა.

ავსტრიის ორი მოქალაქე, რომელთაც ვირუსი საქართველოში ყოფნისას დაუდასტურდათ, სამშობლოში დაბრუნდნენ. გარდა ამისა, საქართველოში სამკურნალოდ ჩამოიყვანეს საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებსაც COVID-19 თურქეთისა და სომხეთის ტერიტორიაზე დაუდასტურდათ.

ამ ეტაპზე საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს 289 ადამიანი, კარანტინში რჩება 5 035, ხოლო ექიმების დაკვირვების ქვეშ, სტაციონარში 540 პაციენტი იმყოფება.