დღეს,17 აპრილს, 12:00 საათიდან, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილით მოძრაობა 21 აპრილამდე აიკრძალება. დაშვებულია გარკვეული გამონაკლისები. მათშორის გადაადგილება სამედიცინო დახმარების მისაღებად, თუმცა, გარკვეული შეზღუდვებით.
საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა პასუხები კითხვებზე, რომლებიც საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებით ყველა ხშირად აწუხებს მოსახლეობას.
სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილება დასაშვებია.
თუ თქვენ გაქვთ სამედიცინო მომსახურების მიღების აუცილებლობის აშკარა ნიშნები (მაგ.: დაგეწყოთ მშობიარობა, გაქვთ მოტეხილობა და ა.შ.), ნებადართულია გადაადგილება სამედიცინო მომსახურების მისაღებად (თანხმლებ პირთან ერთად).
თუ გჭირდებათ აუცილებელი გეგმიური სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით (მაგ.: დიალიზი, ონკოლოგიური მკურნალობა და ა.შ.) გადაადგილება, თან უნდა იქონიოთ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა.
“იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ მსგავსი ცნობა, უნდა დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს/სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც, თავის მხრივ, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულად აწვდის შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულის საფუძველზე, თქვენზე გაიცემა მიზნობრივი გადაადგილების ელექტრონული ნებართვა. ელექტრონული ფორმით ცნობის ვერმიღების პირობებში, ცნობის მისამართზე მიტანას უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური მომსახურეობის სააგენტოს რაიონული განყოფილება”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
საგანგებო რეჟიმის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებით სხვა სახის გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებულ აკრძალვაზე იხილეთ მასალაში: “რომელი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება იზღუდება”