საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ეს ქვეყანაში, ახალი კორონავირუსის დაფიქსირების უკვე მეორე შემთხვევაა. ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მესამე შემთხვევის გამოვნელასაც ელოდებიან.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, დღეს კორონავირუსის კიდევ ორ გენზე გაკეთდა რეაქცია და დადებითი შემთხვევა დადასტურდა. წყაროს წარმოადგენს იტალია.
გამყრელიძის თქმით, საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილია, შესაბამისად, ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელია. შესაბამისად, გაძლიერებულია მონიტორინგი საზღვრებზე. განსაკუთრებით იმ მოგზაურთა მიმართ, რომლებიც საქართველოში მაღალი დაზიანების სახელმწიფოებიდან და ტერიტორიიდან მოემართებიან.
“როცა პირველი შემთხვევა დავადასტურე, მაშინ ვთქვი, რომ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ქვეყანაში, ახალი შემთხვევის რაოდენობა გაიზრდება. გვიან ღამით, კორონავირუსული ინფექციის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეს კორონავირუსის კიდევ ორ გენზე გავაკეთეთ რეაქცია და ერთი საათის წინ დამიდასტურეს, რომ გვაქვს დადებითი შემთხვევა. წყაროს წარმოადგენს იტალია ამ შემთხვევაში, არის მოგზაურობის ისტორია იტალიაში, არის საქართველოს მოქალაქე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. პაციენტი ამ დრომდე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.