Jnews-ი წარმოგიდგენთ ამალია ბაბაიანის ბლოგს “დაისი ვანის ტბასთან”, სადაც ჟურნალისტი წერს, არა ჟურნალისტურ სტატიას, არამედ წერს საკუთარ შთაბეჭდილებებზე.   

რაც თავი მახსოვს, ჩემი ოცნება იყო, ერთხელ მოვხვედრილიყავი დასავლეთ სომხეთში – მიწაზე, რომელიც ჩემმა წინაპრებმა იძულებით დატოვეს. ვცხოვრობდი იმ შეგრძნებით, რომ სადღაც არის მიწა, რომელიც ანდამატივით მიზიდავს, რომელთანაც ამოუხსნელ კავშირს გრძNობ. და აი, ეს დღე დადგა – დასავლეთ სომხეთში მივდივარ.

გზა ახალქალაქიდან დასავლეთ სომხეთში გადი საქართველო-თურქეთის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე კარწახში. საზღვრის გადაკვეთისთანავე, ყარსამდე ბუნება მშობლიურ ჯავახეთს იმეორებს და შენ ვერ გრძნობ, რომ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გადახვედი. მივდივართ და ვცდილობ მივხვდე, რას ვგრძნობ? კომფორტულად ვარ თუ არა, მოხარული ვარ თუ არა ამ მგზავრობით, თუ ძველი ჭრილობების ტკივილი მახრჩობს?

ადამიანსა და მიწას შორის კავშირის მჯერა, და აი, ადამიანის განცდები იცვლება იმ მიწის მიმართ დამოკიდებულებით, რომელზედაც ის იმყოფება.

მთელი ცხოვრება უცხო მიწაზე გავატარე და ყოველ ჯერზე, როცა ჯავახეთში ჩამოვდივარ, სიმშვიდეს და ჰარმონიას ვგრძნობ. არ მტოვებს იმის განცდა, რომ სახლში ვარ.

ცხოვრებაში მეორედ მქონდა ეს განცდა საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთისას. თუ მანამდე ერთი მცნება მქონდა, ახლა ორია – ახლა ჩემთვის სახლი არა მხოლოდ ჯავახეთია, არამედ დასავლეთ სომხეთიც.

ჩვენი გზა გადის ყარსის და ანის გავლით ვანისკენ. არ ვიცი, როგორ გამოიყურებოდა ყარსი ადრე, მაგრამ დღეს ის აბსოლუტურად უსახურია – ფერადი და უგემოვნო სარეკლამო აბრებით, რომლებიც ერთმანეთს ფარავს, ერთმანეთზე აგებული შენობების სართულები. ემოციები იმატებს ყოველი ახალი ნივთის ნახვისას. ყარსი, “1001 ეკლესიის ქალაქის” ნანგრევები – ანი, რაც უფრო წინ მიდიხარ, მით უფრო ფიქრობ შენი ხალხის წარსულზე, იმაზე, თუ რა დიდებული ეპიზოდები იყო მათ ბედში და იმავდროულად, რამდენი სიმწარე გადაიტანა.

van13

van14

ანიდან ვანამდე მგზავრობა 7 საათს გრძელდება. თითქმის შეუმჩნევლად გადის – მოხიბლული ვართ ირგვლივ ბუნებით, იშვიათი დასახლებების, მთებისა და მინდვრების შესწავლით. ვანამდე გზა ჯავახეთს იმეორებს, მხოლოდ ბევრად განიერი და ფართოა. გზად არის უძველესი თაღები, ე.წ. „ვანის კარიბჭე“.

van1

მივაღწიეთ ტბამდე, რომელიც შორიდანაც კი აჯადოებს თავისი სიდიადითა და სილამაზით. გექმნება შთაბეჭდილება, რომ 100 წელია აქ ცხოვრობ და პირველად არ მოხვედი. თითქოს ეს ყველაფერი უკვე საყვარელი და ნაცნობია. მზის ჩასვლისას მივდივართ. ჯდები, უყურებ უსასრულო ჰორიზონტს, ირგვლივ დიდებულად აღმართულ მთებს, ალისფერ მზეს, უსმენ თოლიების გალობას, ფოთლების შრიალს, ქარს და სიჩუმეს – აზრები იყრის თავს. არ მოიძებნება საკმარისი სიტყვები, რომლებიც ამ ადგილის ჰარმონიასა და სილამაზეს აღწერს. ჯადოსნურად მიმზიდველი ძალა, რომელიც გიბიძგებთ ისევ და ისევ აქ დაბრუნდეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გეგმა იყო, არა მხოლოდ ტბის ნახვა, არამედ კუნძულ ახთამარზე მისვლა, რომელიც ვანის ტბის კუნძულებს შორის მეორეა სიდიდით. მივედით ქალაქ ვანამდე, რათა დილით ახთამარში წავსულიყავით.

van12

ქალაქი ვანი საკმაოდ განვითარებული, თანამედროვე თურქული ქალაქია, მაგრამ მაინც არ არის მეგაპოლისი. მთავარ ქუჩაზე ბევრი მაღაზია და სწრაფი კვების რესტორანია. ადგილობრივი კერძები ყველას არ მოეწონება – აქ ყველი ძირითადად ცხვრის რძისგან მზადდება, ხორცეულობიდან, მხოლოდ ქათმისა და ცხვრის ხორცს იყენებენ, კერძებისთვის კი სპეციფიკური სანელებლები აქვთ.

van2

სასტუმროს დაჯავშნა წინასწარ სჯობს, მაგრამ ადგილზეც მისი პოვნა არ არის რთული. ფასები საკმაოდ დემოკრატიულია – დაახლოებით 50-60 ლარი ერთ ადამიანზე. ადგილობრივებთან ზოგჯერ ძნელია საერთო ენის გამონახვა – ისინი არ საუბრობენ რუსულად და ინგლისურად.

ბოლოს ღამე სასტუმროში გავათიეთ და დილით ვანის ტბაზე მივდივართ. ქალაქ ვანიდან ტბამდე მგზავრობას დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდება. ადგილზე არის ნავები, რომლებსაც ტურისტები კუნძულ ახთამარში მიჰყავთ.

დღისით ტბა უფრო ლამაზი იყო, ვიდრე წინა ღამით. წყალი კრისტალურად სუფთაა, ცა ლურჯი. ნავში ვსხდებით და მივდივართ კუნძულისკენ ლურჯი წყლის გავლით. ბევრმა მკითხა – მოგზაურობის დროს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ თურქებს ჩვენს მიმართ? პირადად მე არ შემიმჩნევია გარშემომყოფების მხრიდან რაიმე უარყოფითი დამოკიდებულება. პირიქით, ნავში ჯდომისას სომხურ ხალხურ სიმღერებს ვმღეროდით და ყველა დამსწრე გულმოდგინედ ტაშს გვიკრავდა.

ხედები, რომლებიც შენს თვალწინ იშლება, გხიბლავს თავისი სილამაზითა და უნიკალურობით. ამ სილამაზეს ვერ შეედრება მსოფლიოს ვერც ერთი დაპიარებული ტურისტული მიმართულება. შესაძლოა, ეს იმით არის განპირობებული, რომ ჩვენ სუბიექტურად ვუყურებთ – არა, როგორც ჩვეულებრივ ტურისტებს, არამედ, როგორც ადამიანებს, რომლებიც ამ მიწებს თავიანთ ისტორიულ სამშობლოდ აღიქვამენ. თითქოს ვანი ყოველ წუთში უფრო მეტად გიყვარდება. გამგზავრებამდე უკვე გეგმავ, როდის დაბრუნდები ისევ აქ, მოუთმენლად ცდილობ დატკბე ნანახით, ყველაფრის ნახვა მოასწრო, იგრძნო და განიცადო ყველაფერი.

van3

რაც უფრო ვუახლოვდებით კუნძულს, მით უფრო ლამაზი ხედი იშლება ახთამარისკენ. ნელ-ნელა იწყება სურბ ხაჩის სომხური ეკლესიის გუმბათი, რომელიც აქ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-10 საუკუნეში აშენდა არქიტექტორ მანუელის მიერ. 2010 წლამდე კუნძულ ახთამარის ეკლესია ჯვრის გარეშე იდგა. 2007 წელს ეკლესია აღადგინეს, მაგრამ თურქეთის ხელისუფლების მიერ აღდგენილ ტაძარზე ჯვარი არ დადგეს, როგორც მანამდე, თურქეთის სომხურ თემს დაჰპირდნენ. ეს გარემოება გახდა მთელი მსოფლიოდან სომხების პროტესტის მიზეზი.

van6

van4

თურქეთის ხელისუფლებამ ჯვრის დაყენებაზე უარი ტექნიკური სირთულეებისა და ჯვრის მძიმე წონით ახსნა. დაახლოებით 200 კგ-მდე ჯვარი კუნძულზე გადაასვენეს და ეკლესიის გვერდით დაამონტაჟეს. 2010 წლის 19 სექტემბერს, 95-წლიანი პაუზის შემდეგ, “სურბ ხაჩის” ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია აღევლინა. მთელი მსოფლიოდან სომხების მასობრივი პროტესტის შემდეგ, რომელთაგან ბევრმა უარი თქვა ლიტურგიაზე დასწრებაზე, 30 სექტემბრის ღამეს 1 ოქტომბრის ღამეს ჯვარი საბოლოოდ “სურბ ხაჩის” ეკლესიის გუმბათზე დადგეს.

van8

ახთამარის სურბ ხაჩის ტაძარი ცნობილია არა მხოლოდ თავისი სიძველით, არამედ უნიკალური რელიეფებითა და ფრესკებით, რომლებიც გადმოსცემს ბიბლიურ და ამქვეყნიურ ისტორიებს. 2015 წელს იგი  იუნესკოს დროებითი ძეგლების სიაში შევიდა, შემდეგ კი გადაწყდა განცხადების შეტანა სურბ ხაჩის ტაძრის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მუდმივ სიაში შეყვანაზე.

 

van5

ნავში ჩვენთან ერთად ბევრი სხვა ტურისტიც იჯდა, როგორც თურქეთიდან, ისე ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან. თავად ეკლესიასთან თურქი ტურისტების ჯგუფმა მოიყარა თავი, ექსკურსიამძღოლის ლექციას უსმენდნენ. ვუყურებდი მათ და მხოლოდ ერთზე ვფიქრობდი – რატომ მოხვედით აქ? განიცდით თუ არა იმავეს, რასაც მე? რა თქმა უნდა არა. ეს კითხვა უფრო რიტორიკული იყო. ბევრი, არა სომხური წარმომავლობის ტურისტისთვის ეს მხოლოდ არქიტექტურული ძეგლია და მეტი არაფერი. მე კი, კუნძულზე ფეხის დადგმისთანავე მომინდა ყველა ქვას, ეკლესიის ყველა კედელს ჩავხუტებოდი და მწარედ მეტირა. ეს ძალიან, ძალიან ახლობელ ადამიანთან შეხვედრას ჰგავდა, რომელიც დიდი ხანია დაკარგე და დიდი ხნის განმავლობაში ვერ პოულობდი. გული ისევ შემეკუმშა, რომ რაღაც შენი “მშობლიური” მარტოობაშია უცხო რწმენის ადამიანებს შორის, რომლებსაც ის არ ენაღვლებათ, რომლებსაც არ შეუძლიათ მისი ღისეულად შეფასება, იზრუნონ მასზე და დაიცვან ის. შესაძლოა ეს ყოველივე, რომელიმე ქრისტიანულ ქვეყანაში რომ ყოფილიყო, განცდებიც სხვანაირი იქნებოდა, მაგრამ მუსლიმანურ გარემოში მარტოობაში მყოფი ქრისტიანული ეკლესია არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ მშვიდად დავმტკბარიყავით ამ სილამაზით. როგორც მთელი მგზავრობის განმავლობაში აქ, ვანში, ორმაგად განიცდი ემოციებს – უსაზღვროდ გახარებული ხარ, რომ ბოლოს და ბოლოს შეძელი ამ ქმნილების ნახვა და რომ ის, თურქეთში “გადარჩა” და დღევანდლამდე მოაღწია. ბედნიერი ხარ, რომ საინფორმაციო აბრებზე, თუნდაც ირიბად მითითებულია ეკლესიის სომხური წარმომავლობის შესახებ. ამასთანავე აუტანლად მძიმე და სამწუხაროა, რომ ეს ყოველივე ახლა სხვა ქვეყნის საკუთრებაა.

axtamar

შედიხარ ეკლესიაში. შიგნიდან ის კიდევ უფრო ლამაზია, ვიდრე გარედან. უჩვეულო, თვალისთვის უცხო ფრესკები მაშინვე იწვევს ინტერესს. ეკლესიის არქიტექტურა არ ჰგავს თანამედროვე სომხურ ეკლესიებს, მაგრამ ის, მათზე მილიონჯერ ლამაზია. თავიდანვე არ გტოვებს აზრი – როგორ შეიქმნა იმ დროს ასეთი გენიალური ქმნილება? ეკლესია ახთამარში, თითქოს მთელი ჩვენი მოგზაურობის კულმინაციად იქცა, როგორც არქიტექტურულ ნაწილში, ასევე ემოციურად. თავისი სილამაზით ამ ეკლესიამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, რაც ადრე მინახავს. ისევე, როგორც ვანის ტბამ გადაფარა ყველა მანამდელი მოგზაურობა.

ахтамар

ვანისკენ მიმავალ გზაზე გონებაში აზრმა გამიელვა, რომ ქრისტიანობას მონატრებულ ამ კედლებს სომხური სამოციქულო ეკლესიის ლიტურგიის ნაწილი მოესმინა. და, ეკლესიის ერთ-ერთ კედელთან განმარტოებულმა, დავიწყე ჩუმად სიმღერა “ტერ ვოჰორმიას” ლიტურგიიდან. შევხედე ეკლესიის გუმბათს, მის კედლებს და ძლივს ამოვიღე ხმა. ირგვლივ ყველაფერი თითქოს გაცოცხლდა, ​​ჩემს ხმას ეხმიანებოდა და ყოველ წამს ყელში ბურთი მეჩხირებოდა. ჩემი სიმღერით მომინდა, ჩავხუტებოდი უცხო გარემოში, ასე მარტო მდგარ ტაძარს. ბოლო ნოტი უკვე აკანკალებული ხმით რომ ვიმღერე, ვეღარ გავძელი და მწარედ ავტირდი.

 

და ბოლოს, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ აღარასდროს იქნები იგივე. შენი სულის ნაწილი სამუდამოდ დარჩება აქ, ხოლო დასავლეთ სომხეთის ნაწილი სამუდამოდ დარჩება შენთან. იმ მომენტიდან ორი სახლი მაქვს – ჯავახეთი და დასავლეთ სომხეთი.

მასალაში წარმოდგენილი აზრები და მოსაზრებები, მხოლოდ ავტორს ეკუთვნის და არ ასახავს Jnews-ის რედაქციის შეხედულებებს.

ამალია ბაბაიანი