ახალქალაქის, ყოფილ ე.წ. სამხედრო ქალაქში, N455 მრავალსართულიანი სახლის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ შენობის სახურავი ავარიულ მდგომარეობაშია, წვიმის წყალი ბინებსა და სადარბაზოში ჩადის. მერიას ამ ეტაპზე არ აქვს რემონტისთვის საჭირო სახსრები, თუმცა, დაფინანსების მიღებისას, სამომავლოდ, გაითვალისწინებენ სახლის მობინადრეთა თხოვნას.
შენობა ოთხსართულიანია, მეოთხე სართულზე ბინები ცარიელია, იქ, წვიმის წყლის შესაკავებლად ჭურჭელი აწყვია.
სახლის მობინადრე არტუშ საარიანი ამბობს, რომ პრობლემა უკვე 4 წელია არსებობს. ყოველ წელს მიმართავენ მერიას, მაგრამ სახურავი დღემდე არგაურემონტებიათ.
“ჯერ კიდევ უნანიანი იყო მერი, როცა მერიას მივმართეთ, მაგრამ არ გააკეთეს. ის წავიდა, სხვა მოვიდა, ახლა ამბობენ, რომ ბიუჯეტში ფული არ არისო. წვიმების დროს შეუძლებელია სადარბაზოში შესვლა. რადგან შენობის მეოთხე სართული გაუქმებულია და იქ არავინ ცხოვრობს, წყალი უკვე მესამე სართულზე ჩამოდის. შენობა ინგრევა, სახურავი მთლიანად შესაცვლელია, ნაწილობრივი რემონტიც კი აღარ უშველის, რადგან ის ძალიან ცუდ მდგომარეობაშია”, – ამბობს იგი.
აღნიშნული სახლის სახურავი ბოლოს 2006 წელს გაარემონტეს, ანუ მაშინ, როცა ქალაქში რუსეთის სამხედრო ბაზა განლაგდა.
იმავე შენობის მობინადრის, ზურაბ მელიქიძის თქმით, სახურავის რეაბილიტაციის თხოვნაზე მერიისგან ბოლოს უარი 10 დღის წინ მიიღეს.
“ისე მოხდა, რომ ბოლო სართულზე არავინ ცხოვრობს, დაკეტეს და წავიდნენ. ასე შეიძლება? ან იცხოვრონ, ან კიდევ გააკონტროლონ, ამოქოლონ ხვრელები. ტაშტები დადგეს, ცხოვრება უკვე შეუძლებელია, წყალმა მთელი შენობა დაანგრია”, – ამბობს ზურაბ მელიქიძე.
საკუთარი სახსრებით მოსახლეობა სახურავს ვერ ცვლის, ძვირი ჯდება.
“მცხოვრებლებისგან არავის არ სურს, ან არ შეუძლია ფულის დადება. წყლის გაყვანილობის მილების რემონტისთვის 50 ლარი ვერ შევაგროვეთ. არავინ დადო. წყალგაყვანილობაც სარემონტოა”, – ამბობს არტუშ საარიანი.
ე.წ. სამხედრო ქალაქის ბევრი შენობის სახურავი და წყლის, თუ საკანალიზაციო სისტემა სავალალო მდგომარეობაშია. N488-ე სახლის მცხოვრები, რევაზ ალელიშვილი ამბობს, რომ მისი სახლის სახურავიც მძიმე მდგომარეობაშია, ავარიულია. სახურავი ნაწილობრივ გაარემონტეს, მაგრამ დიდხანს ვერ გაძლებს.
“სახურავის ნაწილი გარემონტებულია, მეორე ნაწილი კი არა. ხვრელებია. გარდა ამისა, სახურავს არ აქვს საწვიმარი ღარები”, – ამბობს რევაზ ალელიშვილი.
როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსი, მნაცაკან პამბუხჩიანი აცხადებს, მუნიციპალიტეტს არ აქვს სახსრები, მაგრამ შენობების მდგომარეობის შესახებ საქმის კურსში არიან და ბიუჯეტში თანხის გამოჩენის შემთხვევაში მოსახლეობის თხოვნას გაითვალისწინებენ.