„მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა 15 ივნისს დაფიქსირდა საქართველოში, ეს არ არის საფუძველი, ჩავთვალოთ, რომ პირველი შემთხვევა იქნება სერიოზული ეპიდაფეთქების საფუძველი. „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გზა სრულიად განსხვავებულია. ის არ ვრცელდება იოლად, არ გადადის მარტივად ჰაერწვეთოვანი გზით, მას სჭირდება ხანგრძლივი და მჭიდრო კონტაქტი, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანხე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ განიხილავს „მაიმუნის ყვავილს“, როგორც პოტენციურად ეპიდემიის ან პანდემიის რისკის შემცველ დაავადებას.

„ამ თვალსაზრისით შეიძლება, სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება იყოს. ეს არ არის კორონავირუსი, ძალიან დიდი სხვაობაა მათ შორის. რაც შეეხება დაავადების სიმპტომებს: ეს არის ტემპერატურის მატება, საერთო სისუსტე და ერთი რაც მნიშვნელოვანია, გამონაყარის გაჩენას წინ უძღვის ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ეს არის სწორედ ძირითადი განსხვავება „ჩუტყვავილას“, რომელიც ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და „მაიმუნის ყვავილს“ შორის. გამონაყარი ვრცელდება ძირითადად სახისა და კიდურების არეში, ასე რომ ამ თვალსაზრისით ეჭვის მიტანა ამ დაავადებაზე ექიმისთვის არ წარმოადგენს სირთულეს. თუ იქნება ასეთი შემთხვევა, გამონაყარის ტიპიური ბუნებიდან გამომდინარე, ის აუცილებლად იქნება შესწავლილი და გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველა ცენტრს რეგიონებში დატოვებული აქვთ დეტალური ინსტრუქცია“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, დაავადების მიმდინარეობა საკმაოდ ხანგრძლივია.

„ორიდან-ოთხ კვირამდე პერიოდში გრძელდება დაავადება და აქ ყველაზე მთავარი აქცენტი, რა თქმა უნდა კეთდება გამონაყარზე. გამონაყარი სხვადასხვა სტადიებს გადის თავისი და მთლიანობაში საკმაოდ ხანგრძლივია ეს პერიოდი, მაგრამ ერთი რაც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს „მაიმუნის ყვავილის“ ის ფორმა, რომელიც ახლა გავრცელებულია ევროპაში, მიეკუთვნება შედარებით უფრო მსუბუქი მიმდინარეობის დაავადების კატეგორიას ვირუსის ბუნებრიობიდან გამომდინარე. ორი განსხვავებული ტიპის ვირუსია, რომელმაც შეიძლება, „მაიმუნის ყვავილი“ გამოიწვიოს, ის რაც ევროპაშია გავრცელებული და ამერიკაში მსუბუქი მიმდინარეობის ვირუსია. აფრიკაშიც კი ძალიან დაბალი სიკვდილიანობა ახასიათებს. გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. შეიძლება, კიდევ დაფიქსირდეს საქართველოში, თუმცა ეს იქნება ერთეული შემთხვევა, რადგან ამ დაავადების გავრცელება საჭიროებს ძალიან სპეციფიკურ გარემოს, საჭიროებს მჭიდრო და ხანგრძლივ კონტაქტს, საჭიროებს მოგზაურობის ისტორიას, თუმცა საქართველო არ განეკუთვნება იმ ქვეყნების კატეგორიას, საიდანაც ბევრი ჩადის ცენტრალური აფრიკაში ან დასავლეთ აფრიკაში. შეიძლება, იყოს ერთეული შემთხვევები, თუმცა არა იმდენი, როგორც დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში. ის, რომ ჩვენ ერთი შემთხვევა აღმოვაჩინეთ, არ ნიშნავს, რომ მომდევნო დღეებში კიდევ მოიმატებს შემთხვევების რაოდენობა“, – განაცხადა ჩხაიძემ.

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა 15 ივნისს დადასტურდა.