რეგიონების პარალელურად, 2022 წლის 1-ლი ივლისიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი თბილისშიც იზრდება.
„თბილისი ენერჯის“ ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების გაზის შესასყიდი ფასი 2022 წლის 1-ლი ივლისიდან შპს „თბილისი ენერჯისთვის“ კვლავ იზრდება, კომპანია იძულებულია არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ფასი დააკორექტიროს, რათა არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და მომხმარებლების უწყვეტი გაზმომარაგება.
მოგეხსენებათ, რომ შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატია, რომელიც ემსახურება თითქმის ნახევარმილიონ აბონენტს, მათ შორის 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. ამასთან, კომპანიის უმთავრეს სალიცენზიო პირობას წარმოადგენს მომხმარებელთა უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო გაზმომარაგება.
როგორც თვენთვის ცნობილია, კომპანია ახორციელებს ბუნებრივი გაზის იმპორტს. შესაბამისად, მომწოდებლების მიერ ფასის კორექტირება აუცილებლად ახდენს გავლენას ტარიფზე. ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის ფასი მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა და ზრდის ტენდეცია დღემდე შენარჩუნებულია. მიუხედავად ამისა, ქართული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის, შპს „თბილისი ენერჯი“ დღემდე ცდილობდა საკუთარი რესურსებით დაებალანსებინა ბუნებრივი გაზის შესაძენ და სარეალიზაციო ფასებს შორის წარმოქმნილი სხვაობა, რათა თავიდან აერიდებინა ტარიფის გაზრდა.
იმის გათვალისწინებით, რომ არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების გაზის შესასყიდი ფასი 2022 წლის 1-ლი ივლისიდან შპს „თბილისი ენერჯისთვის“ კვლავ იზრდება, კომპანია იძულებულია არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ფასი დააკორექტიროს, რათა არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და მომხმარებლების უწყვეტი გაზმომარაგება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2022 წლის 1-ლი ივლისიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.35 (ერთი ლარი და 35 თეთრი) ლარის ოდენობით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. მიუხედავად მატებისა, შპს „თბილისი ენერჯის“ არსაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი ყველაზე დაბალი იქნება ქვეყნის მასშტაბით.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის, აქამდე „თბილისი ენერჯიმ“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი 2020 წლის 3-იანვრიდან გაზარდა. თუ მანამდე ერთ კუბურ-მეტრში ბიზნესი 0.86 ლარს იხდიდა, შემდეგ 1,10 ლარი გახდა. აღნიშნული ტარიფი ბიზნესისთვის 2022 წლის 1-ელ ივლისამდე იმოქმედებს. შემდეგ კი, როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 1,35 ლარამდე გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი იზრდება რეგიონებშიც.