საწვავის ფასები მსოფლიო ბაზარზე შედარებით შემცირებულია 95 დოლარამდე, ლარიც გამყარებულია და ამიტომ მე მაქვს მოლოდინი, საწვავის ძვირფასო იმპორტიორებო, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე ფასებს დააკორექტირებთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში საწვავზე ფასების ზრდა, მსოფლიო ბაზარზე საწვავზე ფასების ზრდით იყო განპირობებული.
„მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, თავიდან იყო შოკური მდგომარეობა, მათ შორის ნავთობის ბაზარზე, საწვავის ფასები მკვეთრად გაიზარდა. 140 დოლარზე ავიდა, თითქმის გაორმაგდა. ვინაიდან საქართველო არის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა და პრაქტიკულად ყველაფერი გარედან შემოგვაქვს, ჩვენ არ ვართ მწარმოებელი, ამიტომ ბუნებრივია, ჩვენთანაც მოიმატა, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ამერიკაში, ევროპაში. მწარმოებელ ქვეყნებშიც მოიმატა და ბუნებრივია, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა. გახსოვთ ასევე, რომ ომის დაწყების დღიდან მალევე ლარიც გაუფასურდა და ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, ფასებზე გავლენა იქონია, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენ კოორდინირებულად მოვახდინეთ ინტერვენციები სავალუტო ბაზრებზე, სიტუაცია მკვეთრად დასტაბილურდა, დავიჭირეთ სიტუაცია, მაქსიმალურად კონტროლდება, ტურიზმი იზრდება და ზოგადად, ეკონომიკაში გვაქვს პოზიტიური მოლოდინი. საწვავის ფასები მსოფლიო ბაზარზე შედარებით არის ჩამოსული, 95 დოლარზე, ლარიც გამყარებულია და ამიტომ მე მაქვს მოლოდინი, საწვავის ძვირფასო იმპორტიორებო, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე, ფასებს დააკორექტირებთ. მე ვიცი, არსებობს ამის თაობაზე მოლოდინი, რომ საქართველოში საწვავზე ფასები ძალიან მალე შემცირდება. რაც მალე დაიწყება ეს პროცესი, უკეთესი იქნება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.