ქალაქ ახალქალაქის აგრარული ბაზარი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით სამი დღით დაიკეტება. თუმცა, ამის შემდეგ, ბაზარი საერთოდ გაიხსნება თუ არა, ჯერ კიდევ უცნობია.

საქართველოში აგრარული ბაზრები იკეტება. ხვალ, ქალაქ ახალქალაქის ბაზარზე სადეზინფექციო ღონისძიებები ჩატარდება. სადეზინფექციო სამუშაოების შემდეგ ბაზარი მინიმუმ 3 დღით დაიკეტება. თუმცა, რადგან ქვეყნის მასშტაბით იკეტება ბაზრები, გამორიცხული არ არის, რომ ბაზარი სამ დღის შემდეგაც აღარ გაიხსნას.

ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორის, არმენ ბიჩახჩიანის თქმით, სადეზინფექციო სამუშაოები დღეს, ნალბანდიანის ქუჩის ნაწილზე დაიწყეს, ხვალ კი, დეზინფექციას ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ჩაატარებენ.

“ქლორით დავამუშავებთ, გავწმენდთ და ბაზრის ტერიტორიას დეზინფექციას ჩავუტარებთ, დეზინფექციის შემდეგ, სამი დღის განმავლობაში იქ ვაჭრობა არ შეიძლება. ეს იყო გუბერნატორის ბრძანება, ბაზარი დროები დაიკეტება”, – განაცხადა არმენ ბიჩახჩიანმა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის იურიკ უნანიანის თქმით, ხვალ ბაზარი დაიკეტება, მაგრამ როდის გაიხსნება, ამის თქმა ჯერჯერობით არ შეუძლიათ.

“მე ჯერ ვერ გეტყვით, რადგან არის სახელმწიფო ბრძანება, რომ ყველა ბაზარი დაიკეტოს. სამი დღის შემდეგ ვნახავთ რა ბრძანებაც გაიცემა, იმის მიხედვით მოვიქცევით”, – თქვა მან.

დღეს, დილის შვიდ საათზე სერვისცენტრის თანამშრომლებმა ნალბანდიანის ქუჩის ყველა სავაჭრო მაგიდა გაიტანეს, აშუღ ავასის გზაჯვარედინიდან რუსთაველის გზაჯვარედინამდე. მომუშავეებმა ქუჩებზე განთავსებული სავაჭრო დახლები აიღეს.

rinok1

ქუჩის აღნიშნული მონაკვეთი დაგავეს და სპეციალური ხსნარებით მორეცხეს.
გზის ამ მონაკვეთზე მყოფი გარემოვაჭრეები ბაზარში შეიყვანეს და დღეს, იქ ვაჭრობდნენ.

rinokk

არმენ ბიჩახჩიანის თქმით, მოვაჭრეები გაფრთხილებულნი იყვნენ, თუმცა ყველამ არ გაიტანა სავაჭრო მაგიდა.

“ისინი ერთი დღით ადრე გავაფრთხილეთ, თუმცა ყველამ არ გაიტანა სავაჭრო მაგიდა და ჩვენ იძულებულნი ვიყავით ეს ყველაფერი გაგვეტანა და ყოფილი კოლმეურნეობის ეზოში მოგვეთავსებინა. დღეს მანქანამ 3-ჯერ გარეცხა ქუჩა სპეციალური ხსნარით. ხვალ და ზეგ ქლორით ქუჩის და ტროტუარების დეზინფექციას ჩავატარებთ. დღეს არ გავაკეთეთ, რადგან ქუჩა სველია და ქლორის მოქმედება სუსტდება”, – თქვა არმენ ბიჩახჩიანმა.

ყველა აგრარული ბაზრის დაკეტვის გადაწყვეტილება სახელმწიფომ კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში მიიღო. ჯერ კიდევ, რამდენიმე დღის წინ, ბაზრები საქართველოს ზოგიერთ ქალაქში დაიკეტა. თბილისის აგრარული ბაზრები დღეს დაკეტეს.