ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ამ თვალწარმტაც სოფელში უკვე დიდი ხანია მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს. ისპირიანების ოჯახი სოფლიდან თუ გადასახლდა, ჯავახეთში პირველი სოფელი “მოჩვენება” გაჩნდება.
ფარავნის ტბის მუქი სილურჯე, რომელიც ყველაზე დიდი მტკნარი წყლის წყლალსაცავია, ახლა თეთრადაა მორთული. ჯავახეთში აპრილია. სხვაგან, იქ სადაც თბილი ამინდია, ბუნებამ მარტში გამოიღვიძა და აყვავდა კიდეც. აქ კი ისევ ზამთარია, რომელმაც პოზიციების დათმობა სულ ახლახანს დაიწყო. თოვლი დნობას იწყებს და ენძელები ამოდიან.
სოფელი ფოკის გავლით, ტბის ნაპირთან, დასავლეთით მივემართებით. ტბის მეორე ნაპირზე, მთებში, თითქოს და არავინ არის. კიდევ ერთი სოფლის გავლით, სადაც ერთ დროს დუხობორები ცხოვრობდნენ, ახლა მხოლოდ მისი სახელწოდება – რადიონოვკა შერჩა. გგონია თითქოს ეს სამყაროს ზღვარია. ნორმალური გზა არ არის და არაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ზღვის დონიდან 2080 მეტრის სიმაღლეზე შეიძლება იყოს სიცოცხლე, შეიძლება ადამიანები ცხოვრობდნენ.
ზამთარში ამ გზაზე გადაადგილება შეუძლებელია, რადგან თოვლი გზას კეტავს. იმის შემდეგ, რაც თოვლი დნება, მთის გზა მაისის თვემდე მაინც რთულად გასავლელია.
გზაში მხოლოდ გაჩერებული ავტომანქანა “ნივა” შეგვხვდა. (როგორც მოგვიანებით გაირკვა ეს მანქანა ეკუთვნის იმ ოჯახს, ვისთანაც ჩვენ მივემართებოდით.) შემდეგ ადგილობრივ მეთევზეებიც შეგვხბდნენ, ისინი წყალში წელამდე იყვნენ შესული და თევზის დაჭერას ცდილობდნენ.
ვუახლოვდებით ხეობას, რომლის გავლითაც გადის ჩვენი გზა. ამ ადგილიდან იშლება ჯავახეთის ბუნების მშვენიერი ხედი. დათოვლილი მწვერვალების შუაგულში, მოთეთრო-მოცისფრო ტბა, თითქოს და ხელის გულზე გეშლება.
შემოუხვევ თუ არ, ჩნდება სოფელი, მიტოვებული, სახლები ფანჯრების გარეშე, სულ ნანგრევებში. სოფლის შუაგულში არის ძველი ეკლესიის ნანგრევები. ერთ დროს აქ ბევრი ხალხი ცხოვრობდა. 2002 წლის საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის აღწერის მონაცემებით, სოფელში 107 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგან 57 მამაკაცი და 50 ქალიბატონი იყო. ახლა ამ სოფელში ცხოვრობს 3 ადამიანი, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან.
სოფელში შემორჩენილი ოჯახის, ისპირიანების სახლს 3 ძაღლი იცავს. ისინი უცხოს კილომეტრებზე ცნობენ და გააფთრებით იცავენ თავიანთ პატრონს. აქ ცხოვრობს ოჯახის უფროსი აირაპეტ ისპირიანი, მისი მეუღლე არეგი და მათი 24 წლის ვაჟი არუთუნი. ისპირიანების ოჯახში ადრე ხუთნი იყვნენ, უფროსი ქალიშვილი მეზობელ სოფელში გათხოვდა, უმცროსი შვილი კი საცხოვრებლად რუსეთში, ჯავახეთის მსგავსად, მკაცრ იაკუტიაში გადავიდა. არუთუნიც დადიოდა სამუშაოდ რუსეთის ქალაქ სურგუტში, მაგრამ დაუბრუნდა მშობლებს. გზაში ჩვენ მას შევხვდით, ის მანქანით ჩვენ დასახვედრად გამოვიდა.
«მარტო ცხოვრება ძალიან რთულია. ბავშვობაში მე-5 კლასამდე ჩვენ სოფელში ვსწავლობდით, იყო სკოლა. როდესაც სკოლა დაიკეტა, მეზობელ სოფელ ფოკაში გვიწევდა სიარული, იქ ნათესავებთან ვცხოვროდბით და სკოლაში დავდიოდით. ზამთარში თოვლის საფარი 3 მეტრს აღწევს. როდესაც რაღაცა გვჭირდება დილით ადრე გავდივართ, რომ საღამოს ფოკაში ვიყოთ»,- სახლში გაცილებისას გვიამბო არუთუნმა.
მართალია ის დაუბრუნდა მშობლებს, მაგრამ როდესაც შექმნის საკუთარ ოჯახს, ის არ აპირებს აქ ცხოვრებას.
ერთ მხარეს დაკიდული კარი და დალუქული ფანჯრები, მეორე მხარეს კი ტბის მშვენიერი ხედი. ეს ყველაფერი რეალობის დისონანსურ აღქმას იწვევს.
«ჩვენთან ხშირად ჩამოდიან ტურისტები, რჩებიან კარვებში, მსოფლიოს ყველ კუთხიდან მოდიან»,- ყვება არუთუნი.
ისპირიანები ამ სოფელში 20 წლის წინ, სოფელი ფოკადან, დაქორწინების შემდეგ გადმოვიდნენ. ოჯახის უფროსის თქმით, იმ დროს აქ 30 ოჯახი ცხოვრობდა.
«ჩვენ არსად წასასვლელი არ გვაქვს. თუ გადავალთ ფოკაში ვისთან ვიცხოვრებთ, ვინ შეგვიშვებს. ჩვენ ასეთ უკაცრიელ ცხოვრებას შევეჩვიეთ. ხალხთან ურთიერთობა გვიჭირს. არავის დანახვა არ გვინდა. ჩვენ ველურები გავხდით»,-ხუმრობს ოჯახის უფროსი. «ადრე აქ ბევრი ხალხი ცხოვრობდა, იყო ურთიერთობა. ჩვენ არ ვიცით თუ რას ნიშნავს ახალი წლის ზეიმობა, აქ ახალი წელი არ მოდის. ჩვენ სამყაროს და ხალხს მოწყვეტილები ვართ. ჩვენ ფოკაში სახლი გვქონდა, 20-25 წლის წინ გავყიდეთ და აქ ვიყიდეთ სახლი. მაშინ აქ კარგი იყო, აყვავებული სოფელი იყო. აქ 30 ოჯახი ცხოვრობდა, იყო სკოლა, მაღაზიები, კოლექტიური და სახელმწიფო მეურნეობა… ახლა არაფერი არ არის, ყველა გადავიდა, ყველაფერი დაიკეტა, დავრჩით მხოლოდ ჩვენ. უკვე 5-6 წელია არაფერი არ არის. არა მარტო მარტოობამ, არამედ ცხოვრებამაც დაგვღალა. არ აქვს აზრი».
ისპირიანები მესაქონლეობით არიან დაკავებულნი, მათ 6 ძროხა და 2 ხბო ჰყავთ.
«ზამთარში ნინოწმინდაში ჩასვლა ერთი ძროხა გვიჯდება. სადღაც 500 ლარი გვჭირდება. 100 ლარი ტრაქტორს უნდა აქედან გასაყვანად. უკან დაბრუნებაც 100 ლარი. წყალი არ არის. შუქი არის. ტამბოვკაში შუქი აქედან გაიყვანეს, ხაზი არის ამიტომაც შუქი გვაქვს. ადგილობრივი ხელისუფლება არაფრით გვეხმარება, თუ არაფერი წაგვართვეს მაგაზეც მადლობელი ვიქნები»,- ამბობს ოჯახის დიასახლისი არეგი.
წყალს მანქანით ეზიდებიან, თუმცა იმისათვის, რომ წყაროდან ამოიტანო, ხევში ტბამდე ჩასვლა არის საჭირო.
ზამთრის დადგომამდე ისპირიანები ყველაფერს ყიდულობენ და იმარაგებენ, რადგან იციან, რომ ზამტარში ისინი 3 მეტრიანი ნამქერის მძევლები ხდებიან. მათთან სტუმრად მხოლოდ მგლები დადიან, რომლებიც თავისუფლად დასეირნობენ დაცარიელებულ სოფელში. თოვლიან ამინდში ასფარის ერთადერთი ოჯახი, თავის ერთგულ მეგობარ ძაღლებს, სახლში ინახავს.
«ერთხელ დავტოვეთ ძაღლები ეზოში, ერთი მგლებმა გაიტაცეს, ამიტომაც სახლში გვყავს ისინი»,- ყვება არუთუნი.
ქართულმა მართმადიდებელმა ეკლესიამ აქ სახლები და მიწები იყიდა, ისპირიანების მტკიცებით, ისინი აქ სიცოცხლის დაბრუნებას და ინფრასტრუქტურის მოწყობას შეპირდნენ, თუმცა მიტოვებულ სოფელში ჯერ არაფერი არ შეცვლილა.